თავში

30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს

30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს
30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს

„რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკურ პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის და ეს პროექტიც ძალიან მალე დაიწყება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ნათია თურნავასთან ერთად რეგიონში იმყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე.

„დავიწყეთ „ოუფენ ნეტის“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და საპილოტე მუნიციპალიტეტში სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა, ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. საპილოტე რეგიონად გამოვყავით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ზოგან არ არის ინტერნეტი, ზოგან კი ძალიან დაბალი ხარისხისაა. მაქსიმუმ თებერვალში უკვე გვექნება ე. წ. „განათებული ქსელი“, რაც იმას ნიშნავს რომ მაღალხარისხიანი ინტერნეტით უკვე ისარგებლებენ აქაური ოჯახები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ოზურგეთში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას - ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები, ხოლო მომხმარებლებმა ისარგებლონ ხარისხიანი ინტერნეტით.

შეგახსენებთ, საპილოტე ქსელის პარალელურად, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი Log in Georgia, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. პროექტი ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალხარისხიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს. ინტერნეტით საქართველოს 1064 დასახლებული პუნქტი დაიფარება. 

Log-in Georgia-ს პროექტში კომუნიკაციების კომისიაც ჩაერთვება.

მსოფლიო ბანკთან ერთად დაგეგმილია ინტერნეტიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით - ეს იქნება 1000 -მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები.

ფონდი "ქართუ" ინტერნეტიზაციის პროექტში საჭიროების შემთხვევაში შევა.

ცნობისთვის, საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა, თუმცა პროექტის აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა დაიწყო. საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან დაიწყო და მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 10 მლნ ლარია.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია, საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

ინტერნეტიზაციის 10-მილიონიანი საპილოტე პროექტი უტენდეროდ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system