თავში

5 ფაქტი რომელიც იაპონელების უცხოპლანეტელობას ადასტურებს

5 ფაქტი რომელიც იაპონელების უცხოპლანეტელობას ადასტურებს
5 ფაქტი რომელიც იაპონელების უცხოპლანეტელობას ადასტურებს

დედამიწაზე 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და 195 ქვეყანაა, თუმცა როგორღაც ერთი მათგანი სხვებზე მეტად გამოირჩევა. ამომავალი მზის ქვეყანაში ყველასგან გამორჩეული ხალხი ცხოვრობს და შესაბამის გარემოსაც ქმნიან. ეკონომიკურად იაპონია მე-3 ყველაზე მძლავრი ქვეყანაა აშშ-ს და ჩინეთის შემდეგ, ხოლო ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით ის მოწინავე ადგილს იკავებს, თუმცა მხოლოდ სიმდიდრე და პროგრესი არ არის, რის გამოც იაპონია ყველაზე მეტად გამოირჩევა, იქ ნამდვილად უცხოპლანეტელები ცხოვრობენ და ამ მოსაზრების დასამტკიცებლად 5 ფაქტს წარმოგიდგენთ. 

1. ტრანსპორტი იაპონიაში

გადაადგილება იაპონიაში იმაზე უფრო სახალისოა ვიდრე წარმოგიდგენიათ. აქ დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ყველანაირ კომფორტს ქმნიან იმისთვის, რომ არსად დაგაგვიანდეს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი "ტყვიისებრი" მატარებლები დასახული მიზნებისკენ ძალიან სწრაფად გაგაქანებთ და თან ლოდინი ფაქტობრივად არასოდეს მოგიწევთ. მატარებლის დაგვიანების საშუალო დრო 36 წამია. 

რაც შეეხება მეტროს, ის თითქმის არასდროს აგვიანებს და თუ მაინც მოხდა სასწაული, ბოდიშს მოგიხდიან და გადმოგცემენ სერტიფიკატს, რომლის წარდგენასაც სამსახურებში ან სკოლებში შეძლებთ. იაპონიის რკინიგზის კომპანიამ მგზავრებს ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ 20 წამით ადრე მივიდა სადგურზე. ტრანსპორტი იაპონიაში მხოლოდ სწრაფი და ეფექტური არაა, ის სახალისოცაა. ტამაგავას ხაზის 110 წლისთავის აღსანიშნავად, ტოკიოს კორპორაციამ მეტროს იღბლის მომტანი ფისო დაახატა. 

 

იაპონელები ქალებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და ზრუნავენ იმაზე, რომ მათზე ძალადობის ფაქტები მაქსიმალურად შეამცირონ. სწორედ ამიტომ მეტროებში შესაძლოა მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი ვაგონები შეამჩნიოთ. 

მიწის ზედა ტრანსპორტიც არ დაგტოვებთ უკმაყოფილოს, განსაკუთრებით თუ ასაკუსაში მოხვდებით და ქალაქის დათვალიერებას პანდისებრი ავტობუსით გადაწყვეტთ, რომელიც სხვათაშორის უფასოა.

2. იაპონური საპირფარეშო 

ყველაფერი თითქოს მარტივია არა? - ცდებით, იაპონიაში საპირფარეშოებიც კი მაღალტექნოლოგიურია და დიდი ხანი დაგჭირდებათ გაერკვეთ რა საჭიროა ამდენი ღილაკი უნიტაზის პულტზე. თუმცა, თუ ამას შეძლებთ ნამდვილად არ ინანებთ. ნუ გაგიკვირდებათ თუ პროცედურის დასრულების შემდეგ მადლობაც დაიმსახუროთ. რა თქმა უნდა, მაღალტექნოლოგიური უნიტაზი ყველგან არ დაგხვდებათ, თუმცა კომფორტზე შესაძლოა სხვანაირად იზრუნონ და ქაღალდების ფართო არჩევნიდან, შეგიძლიათ სასურველი ამოარჩიოთ. 

3. იაპონური სუმო ნებისმიერ დროს

მსოფლიო და მათ შორის საქართველო უკვე კარგად იცნობს სუმოს კულტურას. ქართველმა ფალავანმა "ტოჩინოშინმა" ბევრი რამ გვასწავლა სპორტის ამ სახეობაზე და ახლა ყოველ მომდევნო "ბაშოს" მოუთმენლად ველით, რათა ლევანის წარმატებებს თვალი ვადევნოთ. იაპონიაში კი სუმო ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ "ღმერთის მეომრების" დაპირისპირება და არა მხოლოდ ტურნირების ფარგლებში, არამედ უფლება გაქვთ დილის ვარჯიშსაც დაესწროთ. ნუ იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ სპორტია სადაც ღიპიანი მამაკაცები ერთმანეთს რამდენიმე წამის განმავლობაში ეჭიდავებიან. სუმო საუკუნეებს ითვლის და ის იაპონიის ნამდვილი კულტურული განძია. 

4. იაპონია - რობოტების და სავაჭრო ავტომატების სამშობლო

იაპონიაში ყველაზე მეტი რობოტი ბინადრობს და ისინი დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ. ასე მაგალითად, გზააბნეულ ტურისტს შესაძლოა რობოტმა გაუწიოს გიდობა, თანაც ნებისმიერ ენაზე. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მაღაზიაში ასისტენტობა მექანიკურმა მეგობარმა გაგიწიოთ, რომელსაც თქვენი ემოციებოს ამოცნობა არ გაუჭირდება. სრულიად შესაძლებელია ისიც, რომ კაფეში მიმტანის მაგივრად რობოტი მოგემსახუროთ და ნურც იმას გამორიცხავთ, რომ რესტორანში რობოტების შოუმ გაგამხიარულოთ. რობოტები იაპონიაში ყველგანაა, სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი. სავაჭრო ავტომატების დახმარებით კი აბსოლუტურად ყველაფრის შეძენას შეძლებთ, ცხელი პიცით დაწყებული - საცვლებით დამთავრებული. 

5. პაჩინკო

იაპონიაში კაზინოები არ არსებობს, ფულზე თამაში ამომავალი ქვეყნის შვილებმა უბრალოდ აკრძალეს. თუმცა აზარტის დასაკმაყოფილებლად არსებობს "პაჩინკო". ეს არის ადგილი, სადაც ფერად-ფერად სათამაშო ავტომატებთან, ზრდასრული ადამიანების სხედან და აზარტული თამაშების მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ. თამაშები მრავალფეროვანი და ხმაურიანია, ასე რომ თუ იაპონურ კაზინოს ესტუმრებით, ეცადეთ ყურსასმენები თან იქონიოთ ან უბრალოდ დატკბეთ ეგზოტიკით. მიუხედავად იმისა, რომ წესით ფულზე თამაში არ შეიძლება, პაჩინკო იაპონურ ეკონომიკას მნიშვნელოვნად ამდიდრებს. პაჩინკოს ინდუსტრიის თანხის ბრუნვა 30-ჯერ უფრო  მეტია, ვიდრე ლას-ვეგასის კაზინოების. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პრიზი, რომლის მოგებაც პაჩინკოთი შეიძლება, ნამდვილ ფულზე იცვლება და ამგვარად ის ჩვეულებრივი კაზინოს იაპონურ ალტერნატივად გვევლინება. სხვათაშორის სამურაების შთამომავლები ძალიან აზარტულები არიან და გახსნამდე ნახევარი საათით ადრეც კი შეამჩნევთ პაჩინკოს შესასვლელებთან ხალხმრავლობას. 

იაპონიის უნიკალურობა ზემოთ მოყვანილი 5 ფაქტით არ მთავრდება, ამისთვის გაცილებით დიდი სიის შედგენაა საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system