თავში

თხევადი გაზის სეგმენტიდან 6 თვეში ბიუჯეტს შემოსავალი 300%-ით გაეზარდა

6 თვეში ბიუჯეტს შემოსავალი 300%-ით გაეზარდა
თხევადი გაზის სეგმენტიდან 6 თვეში ბიუჯეტს შემოსავალი 300%-ით გაეზარდა

მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, 2020 წელს ქვეყნის სანავთობო ინდუსტრიაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნებოდა. ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ, განუცხადა.

მისი მტკიცებით, საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებში განხორციელებულმა ცვლილებებმა და გამკაცრებულმა ადმინისტრირებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა, როგორც კეთილსინდისიერი ბიზნესის წახალისებასა და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებაზე, ასევე შენატანებზე სახელმწიფო ბიუჯეტში.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ თხევადი გაზის დაბეგვრის წესში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შესაბამისი აქციზით დაბეგვრას დაექვემდებარა ნავთობპროდუქტის იმპორტისათვის წლების მანძილზე გამოყენებადი ე.წ. უაქციზო სასაქონლო კოდი და ნაცვლად ორეტაპიანი, მანიპულირებას დაქვემდებარებული დაბეგვრის მოდელისა, ამოქმედდა ერთეტაპიანი დაბეგვრის წესი - 300 ლარის ოდენობით. შედეგად, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების თარიღიდან, ექვსი თვის განმავლობაში, სახელმწიფი ბიუჯეტმა, მოსალოდნელზე 300%-ით მეტი შემოსავალი მიიღო. მათ შორის, ნახევარზე მეტი - სწორედ ე.წ. უაქციზო კოდის დაბეგვრით“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შედეგის პარალელურად შეუფერხებლად გრძელდება თხევადი გაზის ბიზნეს სეგმენტის განვითარება. 2020 წლის 11 თვის მაჩვენებლების თანახმად, თხევადი გაზის იმპორტი აღემატებოდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიისა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, პანდემიის გამო ეკონომიკაში შექმნილი პრობლემებისა და შენელებული აქტივობების შედეგად, შემცირებულია ქვეყანაში ბენზინის ტიპის საწვავის იმპორტი.

შავლეგ მიშველეძის თქმით, „სამწუხაროდ, მიუხედავად ზემოთქმულისა, გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რომლის მიზანიც გახლავთ, აღმოფხვრილი, უკვე წარსულს ჩაბარებული უაღრესად მანკიერი პრაქტიკის უკან დაბრუნება. აქვე შეგახსენებთ, რომ ნავთობპროდუქტის, ანუ აქციზის გადასახადის გადახდას დაქვემდებარებული პროდუქტის ნაწილის იმპორტისას სახელმწიფო ბიუჯეტი იღებდა ნულ ლარს, ხოლო ნაწილის შემთხვევაში - კუთვნილი გადასახადების მხოლოდ მცირე ნაწილს“.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ თხევადი გაზის ინდუსტრიაში ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება. მათ შორისაა, თხევადი გაზის გასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროება და ამ კუთხით ერთიანი, თანამედროვე სტანდარტის შექმნა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივებით, ხელისუფლებასთან ეფექტიანი თანამშრომლობის გზით, განხორციელებული თითოეული საკანონმდებლო ცვლილებება თუ ნორმატიული აქტი პირდაპირ კავშირშია საქართველოში ადმინისტრირების ხარისხის ამაღლებასთან, კეთილსინდისიერი ბიზნესის განვითარებასთან, კონკურენტული გარემოს გაძლიერებასა და საბოლოო ჯამში გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებთან“ - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

თხევადი გაზის ასოციაცია აქციზის გადახედვას ითხოვს.

შეგახსენებთ, თხევად აირზე (LPG) დაწესდა ერთიანი აქციზი. კერძოდ, განხორციელდა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმადაც ნაცვლად ორეტაპიანი აქციზის გადასახადისა: პირველი ეტაპი 120 ლარი უშუალოდ იმპორტის დროს, შემდგომ თუ აღნიშნული პროდუქტის მიწოდება ხდებოდა, როგორც საავტომობილო საწვავი დამატებით ხდებოდა 180 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ცვლილების თანახმად მოხდა 300 ლარის ოდენობის აქციზის გადასახადის გადახდა უშუალოდ პროდუქტის იმპორტის დროს. ასევე პროდუქტები სასაქონლო კოდით (290110000000, 290123), რომელზეც არ ვრცელდებოდა აქციზის გადასახადი, დაიბეგრა 300 ლარიანი გადასახადით. ამან განაპირობა ის, რომ თხევადი აირის ბაზარზე შეიქმნა კონკურენტული გარემო, ყველა მეწარმე ჩადგა თანაბარ პირობებში და სახელმწიფო ღებულობს თავის კუთვნილ შემოსავალს სრულად.

ნავთობროდუქტების იმპორტიორები თხვევადი გაზის ერთიანი აქციზის ამოქმედებას ცალსახად დადებითად აფასებენ. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი ლევან გიორგაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში როდესაც საწვავზე მოხდა აქციზის ზრდა, LPG-ზე არ მოხდა და შესაბამისად სხვა საწვავთან მიმართებაში LPG არაპროპორციულად იბეგრებოდა, რამაც გააჩინა არასამართლიანი კონკურენცია ავტომანქანების საწვავის ბაზარზე. თხევად აირზე (LPG) ერთიანმა აქციზმა ეს პრობლემა აღმოფხვრა.

საწვავის ამ ტიპის მიმართ გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში. მათი მონაცემებით, შარშან საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 26,9 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით ანუ 34,5%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან (20,0 ათასი ტონა) შედარებით. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციითვე, დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 7000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც თხევადი აირის აქტიური მომხმარებლები არიან. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს გასამართი სადგურების რაოდენობაც, რომლებიც ემსახურებიან ავტომობილების გამართვას, მათი რიცხვი 200 ერთეულს აღემატება.

ნავთობიმპორტიორთა კავშირი თხევად აირზე (LPG) ერთიანი აქციზის ამოქმედებამდე დიდი ხანი მიუთითებდა იმის აუცილებლობაზე, რომ ვინაიდაინ LPG არის ნავთობპროდუქტი, მასზეც დაწესებულიყო ხარისხობრივი სტანდარტი და გამხდარიყო სავალდებულო, როგორც ეს არის ბენზინისა და დიზელის საწვავის შემთხვევაში. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციით, ევროკავშირში თხევადი გაზისთვის მოქმედებს სტანდარტი EN-589.

ოპოზიცია კი საწვავზე აქციზის გადასახდის შემცირებას ითხოვს.

ცნობისთვის, ნავთობიმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ხდება თხევადი გაზის იმპორტი 2901 კოდით, რომელიც აქამდე აქციზის გადასახადს არ ექვემდებარებოდა და ადგილობრივ ბაზარზე გამოიყენება ავტომობილების გასამართად, როგორც თხევადი გაზი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში დგაუმართლებლად მიაჩნდათ ისიც, რომ აღნიშნული პროდუქტი არ ექვემდებარებოდა რაიმე სტანდარტებს.

თხევადი გაზის ბაზარზე არსებულ "შავ ხვრელზე" დიდი ხანი საუბრობდა საქართველოს ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე შავლეგ მიშველაძეც. მისი თქმით, პრობლემა იყო საქართველოში თხევადი გაზის (LPG) იმპორტის შემთხვევაში დაბეგვრის 2-ეტაპიანი მოდელი გამოიყენება: ერთ ტონაზე 120 ლარი გადაიხდევინება პროდუქტის განბაჟების მომენტში, ხოლო დამატებით 180 ლარის გადახდა თხევადი გაზის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მიწოდებისას. საქართველოს ბიზნესასოციაციაში(BAG) აცხადებდნენ, რომ მეორე ეტაპზე დაბეგვრისას ადმინისტრირების კუთხით პრობლემები იყო და თანხა ბიუჯეტში არასრულად შედიოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system