თავში

მირზა-შაფის 60-მილიონიანი პროექტი იყიდება

60-მილიონიანი პროექტი იყიდება
მირზა-შაფის 60-მილიონიანი პროექტი იყიდება

მირზა-შაფის სკანდალურად ცნობილი პროექტი იყიდება. ამის შესახებ პროექტის ინვესტორმა, კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ „კომერსანტს“ განუცხადა. მისი ინფორმაციით, მირზა-შაფზე უარის თქმის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორისაა, ფინანსები.

„გავდივარ პროექტიდან. წელს ზეთისხილის მსოფლიოს ასოციაციის საბჭოს წევრიც ვხდები და გამოდის, რომ მთლიანად აგრო სექტორზე ვარ გადართული. მირზა-შაფის პროექტს მირჩევნია ისეთმა ინვესტორმა მოკიდოს ხელი, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს. გარკვეული ინტერესი უკვე არის. ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,“-აცხადებს სვანიძე.

შეგახსენებთ, მირზა-შაფის პროექტის მშენებლობის დაწყება წლების წინ დაანონსდა. 2019 წლის მარტში გიორგი სვანიძე აცხადებდა, რომ პროექტი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყებოდა. მაშინ ფინანსების მოძიება მიმდინარეობდა. გიორგი სვანიძე არ ასახელებდა შესაძლო ინვესტორის ვინაობას, თუმცა, აცხადებდა, რომ ეს უცხოური კაპიტალი იქნებოდა და პროექტში წილობრივი ფორმით შევიდოდა. კომპანიას თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს.კრიტიკოსები პროექტს აბანოთუბნის არქიტექტურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე უსახური კუბების ფორმის ნაგებობების განთავსება მიუღებელია.

„მირზა შაფის“ პროექტზე აქტიურად მუშაობდნენ ისტორიკოსები, ცნობილი არქიტექტორები, რათა პროექტი მაქსიმალურად ჩამჯდარიყო აბანოთუბანში, ბოტანიკური ბაღის სიმწვანეში და ყველასთვის მისაღები ყოფილიყო. პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბრენდ „კემპინსკისთან„ სასტუმროს მშენებლობის შესახებ შეთანხმებაა გაფორმებული.

პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდებული იყო. იგეგმებოდა 1200-მდე ადამიანის დასაქმება. პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system