თავში

700-მდე ადგილი თბილისში მეწყერსაშიშია

700-მდე ადგილი თბილისში მეწყერსაშიშია
700-მდე ადგილი თბილისში მეწყერსაშიშია

თბილისის ტერიტორიის გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკის მიხედვით, დედაქალაქის 25% გეოლოგიურად საშიშ ზონაშია მოქცეული. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ გაფრინდაშვილის ინფორმაციით, მომზადებულია 25-ათასიანი მასშტაბის გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკა, სადაც აღნიშნულია ყველა გეოლოგიური პროცესის - მეწყრის, ღვარცოფის, ნაპირების გადარეცხვის, ქვათაცვენისა და სხვათა ანგარიში, პასპორტი, კადასტრი, სად რა ზიანი გვადგება, რა პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ. 

ამ დოკუმენტს დაეყრდნობა თბილისის გენერალური განვითარების გეგმა, ურბანული დაგეგმარება, ქალაქმშენებლობის, განაშენებიანების ყველა გადაწყვეტილება. თბილისი, თავისი შემოერთებული სოფლებით, 503 კვადრატული კილომეტრია, რომელიც გეოლოგებმა საფუძვლიანად შეისწავლეს.

საბოლოოდ დადასტურდა, რომ დაახლოებით 700 ადგილია, რომელიც მეწყერულად საშიშ ტერიტორიად ითვლება. თუმცა, როგორც გაფრინდაშვილმა report.ge-ს განუცხადა,  კატასტროფული მდგომარეობა არ არის და სიტუაცია მართვას ექვემდებარება.

"მაღალი რისკის ზონაში მოექცეა მდინარე ვერეს ხეობა, სრულიად მდინარის აუზი, ასევე ყველა დიდი დახრილობის ფერდობები, მამა დავითის ჩრდდილოეთის კალთა, შეშელიძის ქუჩა, მუხათგვერდის სასაფლაოზე მიმავალი ქუჩა, ლიბანის ქუჩა და სხვა, დიაგრამები მოცემულია პროცენტულად, მაღალი საშიშროების მიხედვით.  დაახლოებით 25% მაღალი საშიშროების ზონაა. პოტენციურად ყველა ფერდობი ეროზიის, ქვათაცვენის, კლდეზვავის ან მეწყრის რისკის შემცველია. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ავითვისოთ, მაგრამ აუცილებელია შესაბამისი კვლევის ჩატარება. ზღვაში აშენებენ ქალაქებს, გააჩნია კვლევას, უსაფრთხოების რისკი ზუსტად უნდა განისაზღვროს და ნიადაგის მშენებლობაც საფუძვლიანი შესწავლის საფუძველზე დაიგეგმოს", - აცხადებს გაფრინდაშვილი.

მიუხედავად ამისა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ,  მშენებლობა გეოლოგიურად საშიშ ზონებში წუთითაც არ შეჩერებულა. ეკოლოგების განცხადებით, მშენებლობაზე ნებართვის გაცემის წესი უფრო მეტად არის გასამკაცრებელი. 

რაც შეეხება კონკრეტულად ვერეს ხეობას, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ჰიდროლოგიური საფრთხეების ზონების რუკაზე, ე. წ. წითელი ხაზებია გამოყოფილი ჭალა-კალაპოტის ზონაში, სადაც შესაძლებელია, მოხდეს წყალდიდობა. ამ მიმართულებით ქალაქის ფარგლებში ჰიდროლოგები ახლაც მუდმივად მუშაობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system