თავში

80 ქვეყანას შორის FDI-მიმზიდველობით საქართველო მერვე ადგილზეა

80 ქვეყანას შორის FDI-მიმზიდველობით საქართველო მერვე ადგილზეა
80 ქვეყანას შორის FDI-მიმზიდველობით საქართველო მერვე ადგილზეა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ევროკავშირთან ერთად ჩაატარა საქართველოს საინვესტიციო გარემოს კვლევა, რომლითაც შეისწავლა საქართველოში 22 სხვადასხვა დარგში არსებული ვითარება და გამოაქვეყნა შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ღია ეკონომიკაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მიმართ. 

"ჩვენ ვართ მერვე 80 - ზე მეტ ქვეყანას შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩატარებული ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები; მხარდაჭერის მექანიზმები, რომელთაც ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ, არის ძალიან მიმზიდველი და მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, საქართველო კვლავაც ერთერთი მიმზიდველი ქვეყანა რჩება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და უცხოელი ინვესტორების მიმართ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების“ დოკუმენტის მიმართ, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ევროკავშირთან ერთად საქართველოს მთავრობის დაკვეთით მოამზადა.

ნათია თურნავას განცხადებით, საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველოს პირველად მიენიჭა რეიტინგი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index და აღნიშნულ კვლევაში საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია, 80-ზე მეტ ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. კვლევა მოიცავს ქვეყანაში არსებული 22 ეკონომიკური სექტორის შესწავლას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ბარიერების იდენტიფიცირებას.

„ეს არ არის პირველი ასეთი შეფასება. მცირე ხნის წინ აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველო დასახელებულია როგორც ერთ-ერთი ძალიან ღია და მიმზიდველი ეკონომიკა უცხოელი ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ქმნის ძალიან კარგ წინაპირობას, რომ 2021 წელს ჩვენ გავზარდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეკონომიკა გაჯანსაღდეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საქართველო ასევე ერთ-ერთი გამორჩეულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით მშპ-სთან მიმართებაში. 

„ამ მაჩვენებლით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა - 7,5 პროცენტი მშპ-ში არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ერთერთი საუკეთესო გლობალურად მაჩვენებელია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვთ შემდეგ ქვეყნებს: ლუქსემბურგი, პორტუგალია, სლოვენია, რუმინეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები, ესტონეთი. ამავე დროს საქართველოს მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე ისეთი განვითარებული ეკონომიკური ქვეყნებისა, როგორიცაა ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესპანეთი, გერმანია, მონტენეგრო, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ასევე უკეთესია, ვიდრე ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყნის მაჩვენებელი.

როგორც პრეზენტაციაში აღინიშნა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლებში მთავრობამ აქტიურად განახორციელა რეფორმები ინვესტორების მოსაზიდად და კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად, რამაც განაპირობა მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა და 2007 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარაგებმა (FDI stock) მშპ-ს 100% - ზე მეტი შეადგინა. ამჟამად საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორისაა ბიზნესის კეთების და უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაობის კუთხით და წარმოადგენს წარმატების მაგალითს სხვა ქვეყნებისთვის. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში განხორციელებულმა თანმიმდევრულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას. საქართველო ახლა ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის ყველა სექტორში. ძირითადი საინვესტიციო კანონმდებლობა ადგენს თანაბარ პირობებს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისათვის და უზრუნველყოფს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.

კვლევის თანახმად, COVID-19 პანდემიას საქართველოზე, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, აქვს უპრეცენდენტო ეკონომიკური შედეგები. ამავე დროს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო მყისიერი მონეტარული და ფისკალური ზომები ჯანდაცვის სექტორის და რისკის ქვეშ მყოფი კომპანიების დასახმარებლად. კვლევის თანახმად, სახელმწიფო ინვესტიციებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საქმეში მნიშვნელოვანი როლი მიენიჭება როგორც უცხოურ, ისე შიდა კერძო ინვესტიციებს.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საკმაოდ მაღალია საქართველოს ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით. კვლევის თანახმად საინვესტიციო კანონმდებლობა აყალიბებს თანაბარ პირობებს უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს შორის და წარმოადგენს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.

მიუხედავად ყველა წარმატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებისა, OECD - ის კვლევაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება, რათა საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტორებისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system