თავში

9 000-ზე მეტ დღგ-ს გადამხდელს 70 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდა

9 000-ზე მეტ დღგ-ს გადამხდელს 70 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდა
9 000-ზე მეტ დღგ-ს გადამხდელს 70 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდა

პროექტი „დღგ-ის ავტომატური დაბრუნება“ დღეიდან სრულად ამოქმედდა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პროექტი გულისხმობს კონკრეტული თვის დღგ-ის დეკლარაციით წარმოქმნილი საგადასახადო ზედმეტობის ავტომატურ (მოთხოვნის გარეშე) დაბრუნებას.

ხუციშვილი აქვეყნებს პირველი თვის შედეგებსაც. მისი ინფორმაციით, ნოემბრის თვეში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით 9 000-ზე მეტ დღგ-ს გადამხდელს დაუბრუნდა 70 მილიონ ლარზე მეტი თანხა.

„ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს ლაშა ხუციშვილი და განმარტავს, რომ ამ პროექტის შემუშავებაზე და ამოქმედებაზე ძალიან დიდი ძალისხმევა და რესურსი დაიხარჯა, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს შემოსავლების სამსახური Revenue Service. 

"ამ ერთი შეხედვით მარტივი პროცედურის მიღმა 2-წლიანი დატვირთული სამუშაო პროცესი და ნულიდან შექმნილი თანამედროვე სისტემები დგას, რაც უზრუნველყოფს დღგ-ის დაბრუნების პროცესის უსაფრთხოდ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

ისტორიულად ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე სუსტი კომპონენტი იყო ჩვენი საგადასახადო ადმინისტრირების და იყო პერიოდები, როცა გადამხდელისთვის ძალიან მაღალი „რისკის“ შემცველიც. ტრადიციული შეკითხვა, ავტომატურად მოყვება თუ არა ზედმეტობის მოთხოვნას მაკონტროლებელი/სამართალდამცველი ორგანოების შემოწმება ძალიან დიდ ხნის განმავლობაში იყო აქტუალური.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს აქტუალური საკითხი საერთოდ არ არის, გასაკვირი არ იქნება, თუ საწყის ეტაპზე გადამხდელების გარკვეული/მცირე ნაწილი მაინც ეჭვის თვალით შეხედავს ამ პროცესს, თუმცა ძალიან მალე დავინახავთ, რომ ამ სისტემას განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე აყავს საგადასახადო ორგანოს ფუნქციონირება. თავისი შინაარსით ახალი პროექტი არის მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტი ზედმეტად გადახდილი გადასახადების მართვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ეკონომიკისთვის“, – წერს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system