თავში

აჭარა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

აჭარა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
აჭარა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს, საქმიანი ტურიზმის გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გაუწია. საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული ღვინო და ჩურჩხელა დაეგემოვნებინათ,  მიეღოთ დეტალური ინფორმაცია აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ. 

გამოფენას დაესწრო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, რომელმაც გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გამართა საერთაშორისო მედიაპლატფორმების, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან.

“ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა. მთელი მსოფლიოდან ტურიზმის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები აქ არიან წარმოდგენილები, რაც საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და ურთიერთანამშრომლობის განხორციელებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ჩვენ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით საქმიანი შეხვედრები გავმართეთ, როგორც საერთაშორისო მედიაპლატფორმების, ისე ონლაინ ტურისტული პორტალების, სააგენტოებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის მსოფლიოში ტურისტული ტენდენციებისა და რეკომენდაციების განსაზღვრის კუთხით უმსხვილესი პორტალის Tripadvisor-ის წარმომადგენელთან, რომელთანაც რეგიონის წარმოჩენის მიზნით აქტიურად ვგეგმავთ თანამშრომლობას,“ -  განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

პარიზის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “IFTM 2019” საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მსხვილი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც მთელი მსოფლიოდან, ტურიზმის ინდუსტრიის 522 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. მას ყოველწლიურად საშუალოდ 23 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები 20-ზე მეტ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, მათ შორის ბერლინში, ფრანქფურტში, თელავივში, ტალინში, ვილნიუსსა და კიევში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system