თავში

აჭარაში ღია სივრცეებში განთავსებული კაფეები და რესტორნები გაიხსნება

აჭარაში ღია სივრცეებში განთავსებული კაფეები და რესტორნები გაიხსნება
აჭარაში ღია სივრცეებში განთავსებული კაფეები და რესტორნები გაიხსნება

აჭარაში, პირველი თებერვლიდან ღია სივრცეებში განთავსებული კაფეები და რესტორნები გაიხსნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ  აჭარაში, კაფეებსა და რესტორნებში ხალხმრავლობის კონტროლი მკაცრი იქნება.

„რესტორნების გახსნა საკმაოდ დიდ რისკებთან დაკავშირებული პროცესია, თუმცა, აჭარაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით ეს დავუშვით. რისკი დაკავშირებულია იმასთან, რომ ბუნებრივად, რესტორანში მყოფები ვერ იკეთებენ პირბადეებს, იხსნიან, ამ დროს კონტაქტის და ინფიცირების რისკი მაღალია, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ღია სივრცეებში ხდება ეს. ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება, რომ კაფეებსა და რესტორნებში არ იყოს დიდი, ხალხმრავალი ღონისძიებები. ეს დარღვევა იქნება და ამას არ დავუშვებთ. გარდა ამისა, ძალიან კარგად გავაკონტროლებთ, რომ პერსონალი პერიოდული სავალდებულო ტესტირების ობიექტი იყოს, ეს არის მთავარი დაზღვევა, რაც აქ იქნება. ვაკვირდებით, თუ დავინახეთ, რომ ეს ნაბიჯი გართულებას იწვევს, მოგვიწევს ამის გადახედვა. იმედი გვაქვს, რომ არ დაგვჭირდება“, - აცხადებს თურნავა.

რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, ქვეყნის მასშტაბით რესტორნების გახსნის ზუსტი თარიღის დასახელება მთავრობას უჭირს. მინისტრის თქმით, თუკი ყველა შევასრულებთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს და პროტოკოლებს და თუკი ყველა ერთად გადავინაწილებთ პასუხისმგებლობას, რესტორნები არა მარტო აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ.

შეგახსენებთ, რესტორნების ნაწილი ხვალ, შაბათს, 30 იანვარს, ბოიკოტის ნიშნად, მიწოდების სერვისს გააჩერებს და მუშაობას 24 საათით შეწყვეტს. რესტორატორთა ასოციაციის განმარტებით, პარალელურად, ჩატარდება საპროტესტო აქციაც. რესტორატორთა განმარტებით, მთავრობა სათანადოდ ვერ აფასებს ბიზნესის უკიდურესად რთულ მდგომარეობას და სექტორი პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system