თავში

აჭარაში ზაფხულის სეზონისთვის 4.3 მლნ ლარი დაიხარჯება

აჭარაში ზაფხულის სეზონისთვის 4.3 მლნ ლარი დაიხარჯება
აჭარაში ზაფხულის სეზონისთვის  4.3 მლნ ლარი დაიხარჯება

აჭარა ზაფხულის სეზონისთვის ემზადება. როგორც report.ge-ს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განუცხადეს, ტურისტული კამპანია რეგიონში 2 კვირაში გააქტიურდება და  ამისთვის ბიუჯეტიდან 4.3 მლნ ლარია გამოყოფილი. დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარა წლევანდელ სეზონს ყველა მუნიციპალიტეტში ახალი მარკირებული მარშრუტით ხვდება, აქვთ ახალი  ტურისტული პროდუქტებიც. 

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გვეუბნებიან, მათი ნომერ პირველი საზრუნავი უსაფრთხო ტურისტული გარემოს შექმნაა. ამიტომაც დეპარტამენტი კერძო სექტორს გაუწევს სატრენინგო მომსახურებას ყველა კოვიდრეგულაციასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით 650 000 ლარია გამოყოფილი. 

მეორე პრიორიტეტად სახელდება მიზნობრივი და გააზრებული პიარკამპანია, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის საზღვრებს გარეთაც. ამისთვის დაიხარჯება 1.5 მლნ ლარი. პანდემიის გამო მასშტაბური კამპანიები არ იგეგმება. მათი განმარტებით, წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წერტილოვანი მარკეტინგული სვლით შემოიფარგლება და ფოკუსირდება იმ მიმართულებებზე, საიდანაც საქართველოში  ფრენები სრულდება, ესაა სამეზობლო და უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, ისრაელი.

მესამე პრიორიტეტად სახელდება ახალი ვებ-პლატფორმის ამოქმედება, რისთვისაც დეპარტამენტი 650 000 ლარს დახარჯავს. დაგეგმილია დისტანციური და ინდივიდუალური სატრენინგო პროგრამები, ინგლისური ენის გრძელვადიანი კურსები,  გიდებისთვის შეიქმნება სახელმძღვანელო, მაღალმთიან აჭარაში საოჯახო ბიზნესისთვის მზადდება ვიდეო გაკვეთილები, რომლითაც მათ წვდომა გაუადვილდებათ ტურიზმის დეპარტამენტის სერვისებზე, ასევე მთიან აჭარაში ძირითად ტურისტულ მიმართულებებზე სერვისების განვითარებაა დაგეგმილი.

მეოთხე პრიორიტეტია ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნა აჭარაში. ამისთვის მიმდინარეობს 6 მთის კვლევის პროექტი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გვიხსნიან, რომ გამრავალფეროვანდება ტურისტული პროდუქტები, რაც გულისხმობს ახალ მარშრუტებს, ტურისტულ ბილიკებს, საჭირო ინფრასტრუქტურას და თავშესაფრების მშენებლობას, რისთვისაც 2021 წელს 1.5 მლნ ლარი დაიხარჯება.

ცნობისთვის, 2021 წლის პირველ ოთხ თვეში აჭარას 59 901 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც შარშანდელ იანვარ-აპრილის მონაცემზე 72.1%-ით, ხოლო 2019 წლის ოთხთვიან ჯამზე 83.4%-ით ნაკლებია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიხედვით, წელს სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან აჭარაში ოთხ თვეში ვიზიტორებმა საზღვარი 49 129-ჯერ გადმოკვეთეს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კი აჭარას ესტუმრა 9 629 ვიზიტორი. ბათუმის პორტიდან წელს ოთხ თვეში 1 143 ვიზიტორია შემოსული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system