თავში

აჭარიდან ექსპორტირებულია 7000 ტონა სტანდარტული მანდარინი

აჭარიდან ექსპორტირებულია 7000 ტონა სტანდარტული მანდარინი

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აჭარიდან უკვე ექსპორტირებულია 7000 ტონა სტანდარტული მანდარინი. დღეს ბათუმის პორტიდან გემი ''კაუნასით'' 300 ტონა ციტრუსის გადაზიდვა განხორციელდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ბათუმის პორტში ექსპორტის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

წელს პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს.

„აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი, როგორც ექსპორტი, ასევე რეალიზაცია. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ და ადგილზე გავეცანით მიმდინარე ექსპორტის პროცედურას. ბორანის მეშვეობით, კვირაში 2-ჯერ ექსპორტზე გადის დაახლოებით 300 ტონაზე მეტი ციტრუსი. დღემდე, უკვე ექსპორტირებულია 7 000 ტონაზე მეტი მანდარინი აჭარიდან და დაახლოებით, 40 000 -ზე მეტი ტონა ციტრუსის ექსპორტი იგეგმება წლის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მიმდინარე დამუშავების ოპერაცია, რომელიც ექსპორტისთვის არის საჭირო, ხორციელდებოდეს უსწრაფესად, არცერთ ექსპორტიორს არ ჰქონდეს მნიშვნელოვანი შეფერხება. ეს მთლიანი ჯაჭვი უნდა იყოს ეფექტური, უნდა იყოს სწრაფი, რომ ყველამ ფერმერმა შეძლოს დაგეგმილი შემოსავლების მიღება. ამისთვის გაკეთდება ყველაფერი “, - აღნიშნა რიჟვაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოში ნარინჯისფერი რთველი 16 ნოემბერს დაიწყო.

მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს. საქართველოში წელს ციტრუსის მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაზრდილია.

მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, მუშაობს შესაბამისი შტაბი. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება.

წელს 7 ათას ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს ელოდებიან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღეის მდგომარეობით, უკვე განხორციელდა 653 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 295 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 138%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა სომხეთში (411 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (185 ტონა). ქართული მანდარინი ექსპორტზე ასევე გავიდა უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.

არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა.სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 500 000 ლარი.

შემსყიდველები ციტრუსის ფასს 80 თეთრიდან 1.20 თეთრის ფარგლებში ელოდებიან. რაც შეეხება საადრეო ციტრუსს, მისი ფასი 1.50 თეთრიდან 2 ლარამდე ღირდა.

შეგახსენებთ, ციტრუსი С-ვიტამინის შემცველი პროდუქტია, ამიტომაც პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ციტრუზე მოთხოვნა მზარდია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system