თავში

ადამიანის უფლებათა ცენტრი: ბანკებმა მომხმარებელთა უფლებები დაარღვიეს

ადამიანის უფლებათა ცენტრი: ბანკებმა მომხმარებელთა უფლებები დაარღვიეს
ადამიანის უფლებათა ცენტრი: ბანკებმა მომხმარებელთა უფლებები დაარღვიეს

ადამიანის უფლებათა ცენტრი სწავლობს კორონავირუსიის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობისა და მისი დასრულების შემდეგ პერიოდში, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ავლენს უფლებადარღვევების ძირითად ტენდენციებს და უფლებადარღვეულ ადამიანებს უწევს კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ რეგიონებში ორგანიზაციისთვის უფასო იურიდიული დახმარებისთვის მიმართვიანობაში განსაკუთრებით დომინირებს სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემები.  კერძოდ, მომართვიანობის დიდი ნაწილი დაკავშირებულია ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებში მოსახლეობის ფინანსურ ვალდებულებებთან, რასაც განსაკუთრებულად მტკივნეული ეფექტი პანდემიით შექმნილი კრიზისისა და ლარის გაუფასურების ფონზე ჰქონდა.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ბანკების მიერ სესხების 3-3 თვით 2 ჯერ გადავადებას უხარვეზოდ არ ჩაუვლია და გამოვლინდა მთელი რიგი პრობლემები, კერძოდ:

1. საწყის ეტაპზე, ზოგიერთ კომერციულ ბანკში, შეღავათები თითქმის ყველა მათ კლიენტს უნდა შეხებოდა. ბანკების განცხადებით, მათ ყველა მომხმარებელს SMS-ს შეტყობინებით შესთავაზეს სესხის გადავადება, რაზეც უარი ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეეძლოთ მიწერათ კლიენტებს. თუმცა, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა არაერთი ადამიანი, რომელსაც თანხმობა არ განუცხადებია სესხის გადახდის გადავადებაზე, და როგორც ისინი აღნიშნავენ, სესხები მათი ნების საწინააღმდეგოდ მაინც გადაუვადდათ.

2. ბანკების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საკუთარი კლიენტისათვის გაცნობისა და ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი მუდმივად შეინიშნებოდა პანდემიის გავრცელების პირობებში.

3. გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები, როცა მიუხედავად წინასწარ და საჯაროდ გაკეთებული არაერთი განაცხადებისა, სესხების ხელახალი გადავადების შემდეგ, მოქალაქეებს გაეზარდათ გადასახდელი პროცენტის რაოდენობა.

4. ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პირობებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, როცა მოქალაქეთა მთელი რიგი უფლებები იყო შეზღუდული, მათ შორის - მიმოსვლის თავისუფლება, მოქალაქეთა ნაწილმა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო ფინანსური ვალდებულებებების დროულად შესრულება, რაც თანხის გადახდის ვადის გადაცილებაში გამოიხატა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების მიერ იდენტიფიცირებულია ცალკეული შემთხვევები, როცა მსგავს პირობებში, ბანკებმა არ გაითვალისწინეს ფორსმაჟორული სიტუაცია და მომხმარებელს ან ჯარიმა ან საურავი დაურიცხეს, რამაც მათი სესხის როგორც სრული, ისე ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტის ოდენობა გაზარდა.

"სამწუხაროა, რომ ბანკები, რომლებსაც განსაკუთრებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა მართებს, კრიზისის მიუხედავად, აქტიურად აგრძელებენ მოსახლეობის გამოსახლებას შეუსრულებელი საბანკო ვალდებულებების გამო და ამ პროცესში მათ ხელს უწყობს ქვეყანაში გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების დაცვითი მექანიზმების სიმწირე და არაეფექტიანობა. თავის მხრივ, ამას ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო რეგულაციებისა და პრაქტიკის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან შეუსაბამობა განაპირობებს. თუმცა, კორონავირუსის გავრცელებისას შექმნილ არაორდინალურ ვითარებაში, აუცილებელია, ბანკებმა, ისევე როგორც სხვა დიდმა ორგანიზაციებმა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ და ხელი არ შეუწყონ ადამიანის უფლებების დარღვევას," - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

ორგანიზაცია საქართველოში მოქმედ ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ გადავადებულ სესხებთან მიმართებაში გადახდის ახალი გრაფიკების შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ საკუთარ მომხმარებელს. 

ორგანიზაცია ასევე მოუწოდბს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით, არ გაზარდონ მათ მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადავადებული სესხები. ხოლო ისეთ შემთხვევებში, სადაც სესხის ძირის ოდენობა სესხის გადავადების გამო გაიზარდა - დაუყოვნებლივ დააკორექტირონ. ასევე, პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმოქმედონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და გამოაცხადონ დროებითი მორატორიუმი, ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საცხოვრისის გარეშე დარჩენის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის გამოსახლებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system