თავში

ადგილობრივი ექსპორტი დივერსიფიცირებულია - არჩვაძე

ადგილობრივი ექსპორტი დივერსიფიცირებულია - არჩვაძე
ადგილობრივი ექსპორტი დივერსიფიცირებულია - არჩვაძე

ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩავზე,  ეკონომიკაში არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, ადგილობრივი ექსპორტის ორნიშნა ზრდას ქვეყნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მიღწევად მიიჩნევს. რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, ექსპერტი ხაზს უსვამს ადგილობრივი ექსპორტის დივერსიუფიცირებულობის ზრდასაც.

მისი თქმით, განსაკუთრებით წარმატებული იყო 2020 წლის ბოლო ოთხი თვე (სექტემბერი-დეკემბერი), რომელზეც მოვიდა ადგილობრივი ექსპორტის თითქმის 2/5 - წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 10.3 პროცენტით მეტი და წინა წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელზე - 20.3 პროცენტით მეტი.

არჩვაძის შეფასებით, ადგილობრივი ექსპორტის რაოდენობრივ ზრდასთან ერთად უდავო წარმატებად უნდა ჩაითვალოს მისი დივერსიფიცირება ქვეყნების მიხედვით. - ექსპორტით პირველ სამ ადგილზე მყოფი ქვეყნების (ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი) წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ნახევარზე ნაკლებია ((48.9%), ხოლო პირველ ადგილზე მყოფი ჩინეთის წილი - მხოლოდ 19.1 პროცენტი.

მისი თქმით, საექსპორტო ნომენკლატურაში რამდენიმეწლიანი კლების ტენდენციის შემდეგ საგრძნობი ზრდა (+43.4%) აჩვენა თხილის ექსპორტმა.

„აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის თანაფარდობა ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტთან 14.3 პროცენტია, რაც წინა წლის დონეს 1.0 პუნქტით აჭარბებს. ეს ანალოგიურ საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე მაღალია (საშუალოდ მსოფლიოში – 14.0%), რაც ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის ღიაობას და ფართო ჩართულობას შრომის საერთაშორისო დანაწილებაში. ამასთან, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით გლობალური ექსპორტის 7-პროცენტიანი ვარდნის და საქართველოს ეკონომიკის 5-პროცენტიანი შემცირების ფონზე ადგილობრივი ექსპორტის 3.5-პროცენტიანი ზრდა ცალსახად ადასტურებს სამამულო პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზრებზე და საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში მოპოვებული პოზიციის შენარჩუნებისა და გაფართოების კარგ პერსპექტივებს. აღნიშნული დიდწილად მიღწეულია საქართველოს ხელისუფლების ქართული ბიზნესისათვის თანმიმდევრული და სისტემური მხარდაჭერით როგორც წარმოების, ისე საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისა და მყარად დამკვიდრებისათვის“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

შეგახსენებთ, ადგილობრივი ექპორტის წილი მთლიან ექსპორტში გაიზარდა.

საქსტატის მიხედვით, 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქართული ნაწარმის უმეტესობა ჩინეთში, რუსეთსა და ბულგარეთში გაიყიდა. 2020 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (459.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (401.2 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (310.4 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 729.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 246.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 209.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system