თავში

ადგილწარმოშობის ღვინოების დიდი ნაწილი აუთვისებელია

ადგილწარმოშობის ღვინოების დიდი ნაწილი აუთვისებელია
ადგილწარმოშობის ღვინოების დიდი ნაწილი აუთვისებელია

მეღვინეობის სფეროს სპეციალისტი, ღვინის მწერალი გიორგი ბარისაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს 1000-მდე ადგილწარმოშობის ღვინის წარმოების შესაძლებლობა აქვს, თუმცა 2 ათეულს მცირედით აღემატება იმ ღვინოების სია, რომლებიც ასეთ სტატუსს ოფიციალურად ფლობენ. ბარისაშვილის თქმით, შეიძლება, ყველა მიკროზონის შესწავლა ვერ მოხერხდეს, მაგრამ მინიმუმ, 70 ადგილწარმოშობის ღვინო დარეგისტრირდეს, რაც დარგის განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

,,ათასამდე ადგილწარმოშობის ღვინოდან, სტატუსი მხოლოდ 24 ღვინოს აქვს. კომუნისტების მერე დაემატა ,,ხაშმი", ,,ოყურეში", ,, ბოლნისი".  უკანასკნელ პერიოდშიც სულ რამდენიმე, მათ შორის, ,,ხაშმი", ,,საფერავი",  ,,უსახელოური" და ,,ატენი" დაამატეს. თუმცა ადგილწარმოშობასთან დაკავშირებით ბევრი უზუსტობაა, განსაკუთრებით ,,ბოლნისთან" დაკავშირებით, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამასთან, უამრავი მიკროზონაა, რომელიც სათანადოდ შესწავლილი არ არის. სამარცხვინო ფაქტია, რომ მთელი ყვარლის რაიონი არის ,,ქინძმარაული", ამაზე სამარცხვინო შემთხვევა არ გვაქვს მეღვინეობაში, ქარხნის ჯიბის ინტერესის სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება. ყველა მიკროზონას თუ ვერ ავითვისებთ, მინიმუმ, 70 მაინც უნდა ჩამოყალიბდეს, მცირე და საშუალო მიკროზონებით დახუნძლულია საქართველო და ჩვენ ამ პოტენციალს ვერ ვიყენებთ. ამ დროს, მაგალითად,  იტალიაში ადგილწარმოშობის სტატუსი აქვს მცირე, 3 ჰა მცულობის ფართობებს, ზოგ ქვეყანაში ეს შეიძლება იყოს 0,8 ჰა და ა.შ. არავითარი მაგალითი არ გვჭირდება, სხვებმა იხელმძღვანელონ ქართული მოდელით, თვითმყოფადობა ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ, ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ადგილწარმოშობის ჯიშებზე იმუშავებს და თანამედროვე სტანდარტით მიუდგება საკითხს", - აცხადებს გიორგი ბარისაშვილი report.ge-თან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემით, დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში 24 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და მიკროზონაა დარეგისტრირებული. რეესტრში რეგისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნული დასახელებების დაცვას საერთაშორისო მასშტაბით ყველა იმ ხელშეკრულებისა და კონვენციის საფუძველზე, რომელსაც საქართველო ან მიერთებულია, ან ხელი აქვს მოწერილი.

წარმოების სპეციფიკაციის დაცვასა და ადგილწარმოშობის დასახელების მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს  ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system