თავში

ადვოკატები სამეწარმეო სამართალში დაგეგმილ ცვლილებებს იწონებენ

ადვოკატები სამეწარმეო სამართალში დაგეგმილ ცვლილებებს იწონებენ
ადვოკატები სამეწარმეო სამართალში დაგეგმილ ცვლილებებს იწონებენ

სამეწარმეო სამართალში მოსალოდნელია ცვლილებები. 2020 წლის 13 აგვისტოს მთავრობამ წარადგინა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კოდექსის პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი თამარ ციხიშვილი აფასებს.

ადვოკატის განმარტებით, პროექტი, რომელიც მრავალ ნოვატორულ იდეას გვთავაზობს. ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის მოქმედი რედაქცია, მთელი რიგი თავისებურებებითა და პრობლემატური საკითხებით გამოირჩევა. ადვოკატი განმარტავს, რომ კანონის მოქმედი რედაქცია მიღებულ იქნა 1994 წელს და მას შემდეგ, მთელი რიგი სიახლე იქნა შეტანილი, თუმცა, არსებულმა ცვლილებებმა კვლავ მოუწესრიგებელი დატოვა ის საკითხები, რაც თანამედროვე სამეწარმეო საზოგადოებისა და ზოგადად, კორპორაციული სისტემის განვითარებისთვისაა საჭირო. მაგალითად, 2008 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საწარმოს პარტნიორთათვის კვლავ განუსაზღვრელი დარჩა, ესარგებლათ კანონით მინიჭებული უფლებებით.

"შემოთავაზებული კანონპროექტი კი მთელი რიგი პროგრესული სიახლეებით გამოირჩევა, რაც იმთავითვე ხელს უწყობს თანამედროვე სამეწარმეო საზოგადოებისა და კორპორაციული სისტემის მართვას. კანონპროექტი გვთავაზობს რეგულირების განსხვავებულ მეთოდს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საზოგადოებიდან გასვლა/გარიცხვა; კეთილსინდისიერების ვალდებულება; საზოგადოების რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია; საფირმო სახელწოდება და ა.შ. აღნიშნული ნოვაცია განაპირობა, როგორც ფაქტობრივმა მოცემულობამ - სასამართლო დავების სიმრავლემ თუ მრავალი საკითხის დარეგულირების პრობლემამ, აგრეთვე საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შედეგად აღებულმა ვალდებულებებმაც. ამ ყველაფრის მიზანს კი უმთავრესად წარმოადგენს აქციონერთა, ბიზნეს სუბიექტთა და კრედიტორთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა და ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის ღირსეულად განვითარების ხელშეწყობა," - ამბობს ციხიშვილი.

უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონის მოქმედი რედაქცია სამეწარმეო საზოგადოების მართვის ისეთ ზოგად ნორმებს ადგენს, რომელიც ნაკლებ ავტონომიას სთავაზობს საზოგადოებას, ხოლო რაც შეეხება სიახლეებს, შემოთავაზებული კანონპროექტი მეტი დისპოზიციურობით გამოირჩევა, რაც ეხმარება მეწარმე სუბიექტის კერძო ავტონომიის განვითარებას. ამავდროულად, კი ცალკეული იმპერატიული  ნორმებითა თუ დამატებითი კონკრეტიკით, ერთგვარ მარეგულირებელ და მბოჭავ ფუნქციას ასრულებს. დღესდღეობით, საზოგადოების წესდებები არის ზოგადი ხასიათის. ის საკითხები კი, რომლებიც არ არის მოწესრიგებული კანონით, რჩება რეგულირების მიღმა, რაც ცხადია, მრავალი სამართლებრივი დავისა თუ პრობლემის წარმოშობის მიზეზია.

"მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. არსებული კანონპროექტი იმპერატიულად ადგენს ,,სადამფუძნებლო შეთანხმების’’ წარდგენის ვალდებულებას, რაც საზოგადოების რეგისტრაციისათვის აუცილებელი პირობაა. ,,სადამფუძნებლო შეთანხმება’’ არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს, როგორც კანონით განსაზღვრულ პროცედურებს, ისე საზოგადოების წესდებას. რაც შეეხება უშუალოდ წესდებას (რაც დღესდღეობით რეგისტრაციის წინაპირობაა), პროექტის მიხედვით, უნდა მოიცავდეს 3 აუცილებელს მონაცემს: საზოგადოების საქმიანობის სამართლებრივ ფორმას, საქმიანობის საგანსა და წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს (არსებობის შემთხვევაში). სტანდარტული წესდების მიზანს წარმოადგენს შესაძლო კონფლიქტური თუ კოლიზიური ფაქტების მოწესრიგება, რომლებიც კანონით არ არის პირდაპირ განსაზღვრული და მრავალი სამართლებრივი დავის წარმოშობს მიზეზი ხდება. რაც შეეხება მარეგისტრირებელი ორგანოს ფუნქციებს რეგისტრაციის პროცესში - იგი პასუხს აგებს წარდგენილი მონაცემებისა და დოკუმენტაციის შესაბამისობასა და დაცულობაზე. დოკუმენტაციის ნამდვილობასა და შინაარსობრივ მხარეზე პასუხისმგებელია მხოლოდ მათი შემქმნელი პირი," - განმარტავს იურისტი თამარ ციხიშვილი და დასძენს, რომ ნოვაციას წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის საფირმო სახელწოდებასთან და ფილიალის დაარსებასთან დაკავშირებული საკითხები. მისივე განმარტებით, კანონპროექტი გვთავაზობს ინდ. მეწარმის, ისევე როგორც ყველა სამეწარმეო საზოგადოების სახელწოდებად ფანტაზიის ნაყოფის გამოყენების შესაძლებლობას და აღარ მოიაზრებს ინდ. მეწარმის შემთხვევაში მისი ან პერსონალურად პასუხისმგებელი პირის სახელწოდების მითითებას. 

"ამავდროულად, სავალდებულო გახდა სახელწოდების ქართულ ენაზე გამოსახვა. დღესდღეობით, მოქმედი კანონმდებლობით, ფილიალი შესაძლოა გააჩნდეს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს. კანონპროექტის მიხედვით კი ფილიალი შესაძლოა გააჩნდეს, როგორც სამეწარმეო საზოგადოებას, აგრეთვე ინდ. მეწარმეს, რეგისტრირებულს, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ. არსებული რეალობის გათვალისწინებით, დღესდღეობით, სამეწარმეო საზოგადოებებიდან განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ამდენად, კანონპროექტი შპს-ს კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობას განსაკუთრებულად ამარტივებს და მაქსიმალურად აახლოებს სააქციო საზოგადოების ნიშან-თვისებებთან. შპს ემსგავსება ანგარიშვალდებულ საწარმოს, რომელიც უფლებამოსილია გამოუშვას, როგორც ნომინალური ღირებულების, ისე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, შესაძლოა ჰქონდეს განთავსებული კაპიტალი, შპს უფლებამოსილია გამოუშვას წილების განსხვავებული კლასები. ყოველივე ეს ინვესტორთათვის მაქსიმალურად მოქნილი პირობების შექმნის შესაძლებლობას უზრუნველყოფს და საზოგადოების განვითარებას განაპირობებს," - ამბობს იურისტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system