თავში

აფხაზეთის სულადობრივი ენერგომოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს დანარჩენ საქართველოში მოხმარებას

აფხაზეთის სულადობრივი ენერგომოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს
აფხაზეთის სულადობრივი ენერგომოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს დანარჩენ საქართველოში მოხმარებას

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მიმოიხილა ენერგეტიკის სექტორის მიმდინარე განვითარება და არსებული გამოწვევები, 2020 წლის მდგომარეობით.

დოკუმენტის მიხედვით,  2020 წელს აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ „ენგურჰესის“ გენერაციის 93% შეადგინა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს დანარჩენ საქართველოში მოხმარებას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელექტრო ენერგიის მოხმარება, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია "ენგურჰესის" გენერაციის შემცირებით. 

აფხაზეთი და თბილისი თანაბარი მოცულობის დენს მოიხმარს 2020 წლის განმავლობაში რეგიონმა დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც 1.1-მილიონიანმა თბილისმა.

აფხაზეთი საქართველოდან ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით უფასოდ მარაგდება. აფხაზეთის მიერ საქართველოდან მიღებული უფასო ელექტროენერგია 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $102 მილიონი დოლარია (ერთი კილოვატი 4 ცენტი).

თბილისის ენერგოგამანაწილებლის, “თელასის” მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 2.63 მილიარდი კილოვატ საათია.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას რეგიონში კრიპტოვალუტების მოპოვებას უკავშირებენ. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობამ ტერიტორიაზე კრიპტოვალუტების მაინინგისთვის განკუთვნილი ბლოკების შეტანა აკრძალა, თუმცა აკრძალვის მონიტორინგს ვერ ახორციელებს.

2021 წლის იანვარში სადგური სარეაბილიტაციოდ სამი თვით, აპრილამდე, გაჩერდა. სანამ სადგური გამომუშავებას აღადგენს, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა მოამარაგებს. რეგიონი რუსეთისგან დენს იყიდის.

ზამთარში "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, ფაქტობრივად, 100%-ს ოკუპირებული რეგიონი მოიხმარს, ზაფხულის სეზონზე კი, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 50%-60%-ის ფარგლებშია; არადა 1990-იან წლების ზეპირი შეთანხმების მიხედვით, წარმოებული ელექტროენერგიის 40% - აფხაზეთმა, ხოლო - 60% საქართველოს დანარჩენმა რეგიონებმა უნდა მოიხმაროს.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა და 12.17 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა.

2021 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს ელექტროენერგიის მოხმარება 12,923 მლრდ კვტ.სთ იქნება. მათ შორის, 650.8 მლნ კვტ.სთ სავარაუდოდ, ექსპორტზე გავა, ხოლო 2,699 მლრდ აფხაზეთისთვის იქნება მიწოდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system