თავში

აფხაზეთისთვის დენის მიწოდების საკითხი ისევ გაურკვეველია

აფხაზეთისთვის დენის მიწოდების საკითხი ისევ გაურკვეველია
აფხაზეთისთვის დენის მიწოდების საკითხი ისევ გაურკვეველია

აფხაზეთის ენერგომახმარება წლიდან წლამდე მატულობს. ამჯერადაც ირკვევა, რომ  2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით – 7.2%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 2.9%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული. როგორც ენერგეტიკოსები აცხადებენ, მთავრობას გაცნობიერებული აქვს პრობლემის სიმწვავე, მაგრამ მიდგომა ისევ უცვლელია.

ქართველი ენერგეტიკოსები ემხრობიან აზრს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით. ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, დეპუტატი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ამბობს, რომ იგეგმება სამთავრობო დონის შეხვედრები, რათა ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდეს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი.

,,ენგურჰესის სადისპეტჩერო სადგური განლაგებულია საბერიოში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენ მასზე წვდომა არ გვაქვს. რამდენიც სჭირდებათ, იმდენი ელექტროენერგია მიაქვთ. გვინდა თუ არა, აფხაზეთის ელექტრომომარაგების საქმეს ვემსახურებით. ზამთარში ენგურჰესი, ფაქტობრივად, ოკუპირებული რეგიონისთვის მუშაობს, ეს არის რეალობა. ყველაზე კარგი გამოსავალია, აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყოს, რაც რეგიონში დენის მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მადის მოსათოკავად. ამაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაგრამ როდიდან დაიწყება ეს პროცესი, ჯერჯერობით უცნობია. თუკი აფხაზეთში გამრიცხველიანების საკითხი მოგვარდება, დენის მოხმარება შეიძლება ჩაჯდეს 40/60-ში, რის პირობაც მხარეებს შორის არაოფიციალურად დაიდო, - აცხადებს რევაზ არველაძე.

აფხაზეთის მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბური ზრდა და საქართველოს მხრიდან რეგიონის სრულად მომარაგება მიუღებელია აფხაზეთის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისაც. ,,ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ სეპარატისტული აფხაზეთისთვის დენის მიწოდების საზღაურს საქართველოს მთელი მოსახლეობა იხდის და ასეთი დამოკიდებულება შესაცვლელია.

,,ელექტროენერგიის მიწოდებაზე აფხაზეთს საქართველოს მთავრობა უარს ვერ ეტყვის და ამ საზღაურს, ფაქტობრივად, საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა იხდის. აფხაზები კი ყოველთვის მალავენ, რომ ჩვენგან ეს შეღავათი აქვთ. ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრაზე ისინი აფიქსირებენ, რომ ელექტროენერგიას რუსეთისგან იღებენ. გამოდის, რომ ჩვენ ვიხდით მილიონობით ლარს აფხაზეთის განათებისთვის და სანაცვლოდ შეიძლება გვაგინონ, როცა ეს მოესურვებათ. რა ლოგიკაა, ვერ ვხვდები. მიდგომა საქართველოს მთავრობის მხრიდან აშკარად შესაცვლელია, - აცხადებს ცქიტიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system