თავში

აფხაზეთში ციტრუსის გაყიდვა, შესაძლოა, წელსაც გაუჭირდეთ - Exclusive

აფხაზეთში ციტრუსის გაყიდვა, შესაძლოა, წელსაც გაუჭირდეთ
აფხაზეთში ციტრუსის გაყიდვა, შესაძლოა, წელსაც გაუჭირდეთ - Exclusive

აფხაზეთში მოსახლეობას ციტრუსის რეალიზაცია უჭირს. ადგილობრივების ინფორმაციით, მართალია, მოსავლის დეფიციტი არ არის, მაგრამ პროდუქტის შესყიდვის მხრივ პრობლემაა. ექსპორტზე აფხაზური ციტრუსი მხოლოდ რუსეთში გადის, მაგრამ ძირითადად კრასნოდარსა და სოჭში იყიდება. აფხაზური მხარის ცნობით, 1 კგ. მანდარინის ფასი 85 თეთრის ფარგლებშია, თუმცა ადგილობრივებს გაყიდვა 60 თეთრადაც უჭირთ. მართალია, მცირე რაოდენობით ზუგდიდშიც გადმოაქვთ, მაგრამ ტრანსპორტირების ხარჯის გამო ხალხი იძულებულია, მოსავალი ადგილზე გაყიდოს. 

წელს აფხაზეთში 20 ათასი ტონა ციტრუსის „ექსპორტი“ იგეგმება. საპროგნოზო მონაცემების შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამირან კაკალიამ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. ამავე შეხვედრაზე დადგინდა პროდუქტის შესასყიდი ფასები, წერს „აფსნიპრესი“. შესაბამისად, 1 კგ მანდარინის ფასი 19 რუბლი და 50 კაპიკი, ხოლო ლიმონის - 20 რუბლი იქნება. „საბაჟო კომიტეტის“ სტატისტიკური განყოფილების ხელმძღვანელის ასიდა შაკრილის ცნობით, 2018 წელს აფხაზეთიდან რუსეთის ფედერციაში 30 ათასი ტონა ციტრუსი გაიტანეს.

აფხაზეთის ექსპერტთა კლუბის" წევრის, ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, ციტრუსის მოსავალი აფხაზეთში მეტ-ნაკლებად შემორჩა, მაგრამ მოთხოვნა მცირეა.

,,აფხაზეთში  სულ რამდენიმე კომპანიაა, რომელიც მანდარინის შესყიდვით არის დაინტერესებული. წინა წლებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ციტრუსი რუსეთში გაიტანეს, მაგრამ რეალზიაციის პრობლემა შეექმნათ. პროდუქტის დიდი ნაწილი არაკონდიცირებული იყო და გაანადგურეს. იმის გამო, რომ წარმოება არ არის, რეგიონიდან მხოლოდ მზა სახით გადის. ცხადია, ამას რუსული ბაზრისთვის დიდი ეფექტი არ აქვს. თუმცა სხვა ქვეყნების ციტრუსთან შედარებით ხარისხის მხრივ აფხაზურ მანდარინს დიდი უპირატესობა აქვს და არის ფაქტები, როცა სხვა ქვეყნების ციტრუსიც აფხაზური ,,ბრენდით" იყიდება. უფრო მაინც კრასნოდარსა და სოჭში იყიდება, მოსკოვის ბაზრამდე ვერც კი აღწევს", - განუცხადა ცქიტიშვილმა report.ge-ს. 

რეალიზაციის პრობლემის გამო მოსახლეობა გალში უკმაყოფილოა. ჩვენთან სატელეფონო საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ მანდარინის კრეფა დაიწყო, მაგრამ პროდუქტს ვერ ყიდიან. უმეტეს შემთხვევაში კი, გადამყიდველებს მიზერულ ფასად მიაქვთ.

,,შარშან ნახევარზე მეტი მოსავალი დაგვილპა. ადმინისტრაციულმა სამსახურებმა ზომები თუ არ მიიღეს, შეიძლება წელსაც  იგივე მოხდეს. 1 კგ. მანდარინს 60 თეთრზე მეტად ვერ ვყიდით. გადამყიდველები მინიმალურ ფასად ყიდულობენ, სარგებელს რეალურად ვერ ვიღებთ. მართალია, ზუგდიდში გატანის მხრივ პრობლემა არ არის, მაგრამ საზღვარზე 1 კგ. პროდუქტის ტრანსპორტირებაში 40 თეთრს ითხოვენ, ამიტომ იძულებული ვართ იაფად ადგილზევე გავყიდოთ", - ამბობს გალის ქვედა ზონის სოფლის, ფიჩორის მკვიდრი report.ge-თან საუბრისას.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system