თავში

აგრარული სექტორის წილით საქართველო მსოფლიოში 93-ე ადგილზეა

აგრარული სექტორის წილით საქართველო მსოფლიოში 93-ე ადგილზეა
აგრარული სექტორის წილით საქართველო მსოფლიოში 93-ე ადგილზეა

საქართველოს აგრარული სექტორი შრომის მწარმოებლურობით, კაპიტალტევადობით, ინვესტიციებითა და რიგი სხვა ეკონომიკური ინდიკატორით ეროვნული მეურნეობის ერთ-ერთი ჩამორჩენილი დარგია.

ამის შესახებ აღნიშნულია პაატა კოღუაშვილისა და სოსო არჩვაძის ერთობლივ სტატიაში „საქართველოს სოფლის მეურნეობა თანამედროვე გამოწვევების წინაშე“.

დოკუმენტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის დარგზე მოდის ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა 38.9% და ქვეყნის მშპ-ს 7.2%, ანუ ამ სფეროში შრომის მწარმოებლურობა ეროვნულ მეურნეობაში შრომის საშუალო მწარმოებლურობის მხოლოდ 18.2%–ია და აღნიშნული მაჩვენებლით ეკონომიკის დანარჩენი დარგების საშუალო დონეს 8.2-ჯერ ჩამორჩება.

ეკონომიკაში(მშპ-ში), აგრარული სექტორის წილით საქართველო მსოფლიო სახელმწიფოთა შორის 93-ე ადგილზეა - ბელიზსა და ფილიპინებს შორის.

"რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, როგორც წესი, მით უფრო დაბალი წილი უკავია ამ ქვეყნის მშპ-ში სოფლის მეურნეობას. ამიტომ, აგრარული სექტორის წილის შემცირება ეკონომიკაში ორ უკანასკნელ ათწლეულში 4.7-ჯერ (1996 წლის 34.1%-დან 2019 წლის 7.2%-მდე), ფორმალურად მაინც, არ უნდა ჩაითვალოს ნეგატიურ მოვლენად, თუმცა უდავოდ ნეგატიურია მოწინავე ქვეყნებთან შედარებით აგრარული სექტორის ჯერაც მაღალი წილი და შრომის დაბალი მწარმოებლურობა ეკონომიკის აღნიშნულ სექტორში. მაგალითად, სოფლის მეურნეობაზე მოდის აშშ-ის მშპ-ის მხოლოდ 0.9%. ევროკავშირის ყველაზე სუსტ ქვეყნებში - რუმინეთსა და ბულგარეთში, შესაბამისად, 4.2 და 4.3%, პოლონეთში - 2.4%, ხოლო ევროპის ისეთ უძლიერეს ქვეყნებში გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში - 0.6-0.6% თითოეულში. მიუხედავად საქართველოსთან შედარებით ეროვნულ ეკონომიკაში (მშპ-ში) 8-ჯერ დაბალი წილისა, მოსახლეობის ერთ სულზე, აშშ მაინც „ახერხებს“ საქართველოსთან შედარებით თითქმის 1.5-ჯერ მეტი აგრარული პროდუქციის წარმოებას. დღეისათვის, აგრარულ სექტორში დასაქმებული ყოველთვიურად ქმნის პროდუქციას (დაახლოებით 350 ლარი), რომელიც ორი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაბალი, ანუ იმ მინიმალური რაოდენობის მხოლოდ 2/3-ია, რაც საკმარისია სოფლის მეურნეობის არსებული დონის მხოლოდ მარტივი კვლავწარმოებისათვის," - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

აგრომეცნიერთა დასკვნით, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა სოფლად მოქმედი შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დასაქონლიანების დონე - გაყიდული პროდუქციის წილმა მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაში 2019 წელს ნახევარს გადააჭარბა (შეადარე: 2012 წ. – 37.3%, 2019 წ. – 50.2%). მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ზრდისა, მას ჯერაც არ მიუღწევია 1980-იანი წლების დონისათვის (1985 წ. - 57%).

"მარტო ეს მონაცემებია საკმარისი საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის არასახარბიელო ვერდიქტის გამოსატანად:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობას საკმაოდ სუსტი საბაზრო ხასიათი აქვს და

ბ) იმპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის გარეშე, საქართველოს სოფლის მეურნეობა ელემენტარულ, მინიმალურ დონეზეც კი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობას აგროსასურსათო პროდუქციით," - აღნიშნულია ნაშრომში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system