თავში

აგროდაზღვევამ ფერმერებს 44 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა

აგროდაზღვევამ ფერმერებს 44 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა
აგროდაზღვევამ ფერმერებს 44 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 31ოქტომბრის მონაცემებით, გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი. ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, დაზღვეულია 18,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31 %-ით მეტია. 

მათივე განმარტებით, დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ. ლარს.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სუბსიდიის თანხა აგროდაზღვევაში 8 მლნ ლარს აჭარბებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით კმაყოფილია. ლევან დავითაშვილის თქმით, აგროდაზღვევის პროგრამა განიცდის განახლებებს და ფერმერთა ინტერესებზე მეტად მორგებული ხდება.

მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, აგროდაზღვევა მიმდინარე წლიდან სამწლიანი გახდა. 

2014 წლიდან დღემდე, 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებული ზარალი 44 მლნ ლარს აღემატება. 

სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერები მოსავალს მოსალოდნელი სტიქიისგან (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსისთვის საშემოდგომო ყინვა) აზღვევენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი პროგრამას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მიიჩნევს და სიამაყით აცხადებს, რომ აგროდაზღვევის ბიუჯეტი 40 მლნ ლარზე მეტია. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ხელისფლება მნიშვნელოვან გარღვევას აპირებს და შედეგსაც ელოდება.

"გაიზრდება თანადაფინანსებული ფართობები, შესაბამისად საქართველოში 82,000 ჰექტარზე მეტი არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაფინანსებას მოვახდენთ, რისი სადაზღვევო თანხა 600 მლნ ლარს უნდა აღემატებოდეს, ამისთვის ბიუჯეტში 40 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი,“ - ამბობს მინისტრი.

ცნობისთვის, აგრარულ ბიზნესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რისკების დაზღვევას. საქართველოში მოსავლის დაზღვევის კულტურა ჯერ კიდევ დაბალია. აგრობიზნეს ოპერატორები ამბობენ, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა არასრულფასოვანია, რადგან მხოლოდ მოსავლის დაზღვევას ითვალისწინებს, რაც სისტემის გარეთ ტოვებს მათ, ვინც მრავალწლოვან კულტურებს აშენებს და პირველ მოსავალს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღებს.

გროსპეციალისტები თვლიან, რომ აგროდაზღვევა საქართველოში კვლავ დაბალ დონეზეა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის პროგრამით კმაყოფილია, თუმცა მის ნაკლოვანებებსაც აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ სრული დაზღვევა და სრული დაფარვა იქნება. მისივე თქმით, ზოგადად მსოფლიოში აგროდაზღვევის ერთი წარმატებული და განსაკუთრებული მოდელი არ არსებობს.

შეგახსენებთ, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფუნქციონირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system