თავში

აგროდაზღვევას შესაძლოა ხანძრის კომპონენტი დაემატოს

აგროდაზღვევას შესაძლოა ხანძრის კომპონენტი დაემატოს
აგროდაზღვევას შესაძლოა  ხანძრის კომპონენტი დაემატოს

სადაზღვევო ინდუსტრიასა და მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია მიდის, რომ დაგროდაზღვევის სეგმენტი გაფართოვდეს და მეტი კომპონენტი მოიცვას. ამის შესახებ report.ge-ს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა აცნობა. მისი თქმით, საუბარია, რომ მოსავლის დაზღვევას მოსალოდნელი სტიქიისგან, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსისთვის საშემოდგომო ყინვა, ხანძრის კომპონენტის დაემატოს. მისივე ინფორმაციით, შესაძლო ცვლილება ასევე მიწის ნაკვეთების დაზღვევის პირობებთან დაკავშირებითაც.

,,აგროდაზღვევის ნაწილის გაყიდვა დაიწყო შემოდგომიდანვე, საკმაოდ მივიწევით წინ და ველოდები, რომ შედეგი კარგი გვექნება. ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის მთავრობასთან, რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს. საუბარია, რომ ხანძრის კომპონენტი დაემატოს, აპრილის ბოლომდე ეს საკითხი გადაწყდება. მნიშვნელოვანია, რომ წყვეტა არ არის, ყველა პროექტი მიმდინარეობს ნორმის ფარგლებში, იგეგმება სხვა სიახლეების შეტანაც. წინასწარ არ მინდა ვისაუბრო, თუმცა ვიტყვი, რომ გაჩნდება კიდევ ერთი განსხვავებული პროექტი მცირე ფერმერებისთვის, დაზღვევადი ფართობების მოცულობა გადიდდება.  განსაკუთრებული  სიფრთხილეა საჭირო, როცა საქმე აგროდაზღვევას ეხება. მაგალითად, ძალიან შეგვიშალა ხელი იმ გარემოებამ, რომ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ზღვარი დადგინდა. ახლა საუბარია, რომ ბარიერები მოიხსნას, გაიზარდოს მაქსიმალური ფართობები, რაც ფერმერებს მისცემს შვებას და აგროდაზღვევაზეც დადებითად იმოქმედებს. ჯერჯერობით აგროდაზღვევა ვერ იქნება წამყვანი დარგი, 19 მლნ ლარს მოიცავს და აქედან სუბსიდია 9 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბაზრის განვითარებისთვის არასაკმარისია", - ამბობს  დევი ხეჩინაშვილი.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, აღნიშნულთან დაკავშირებით report.ge-თან აგრარული სფეროს ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძემ განმარტა. მისი ინფორმაციით, აგროდაზღვევის საუკეთესო მოდელია განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით, აშშ-ში, ესპანეთში, ჰოლანდიაში და სხვა.

,,განვითარებულ ქვეყნებში არსებობს სავალდებულო დაზღვევა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს.  აშშ-ში, ესპანეთსა და ჰოლანდიაში აგროდაზღვევა სავალდებულოა, ზოგან - ნებაყოფლობითი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფერმერების უმეტესობა აგროდაზღვევაში მონაწილეობს. ამაში დიდია კერძო სადაზღვევო კომპანიების როლიც, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც არათუ მოსავლის, არამედ საერთოდ, ნებისმიერი სახის დაზღვევის კულტურა დაბალ დონეზეა განვითარებული. აგროდაზღვევის მიმართ ნაკლებ ინტერესს დიდწილად განაპირობებს ტრადიციული მიდგომაც, რასაც აგრარულმა სფერომ ვერანაირად ვერ დააღწია თავი.  ქართველი გლეხები მუდმივად მტავრობას შეყრებენ ხელში ადა შეჩვეული არიან კომპენსაციის თხოვნას. არაერთი მაგალითია, როცა აგამოყოფილ თანხას არამიზნობრივად იყენებენ. ამ დროს აგროდაზღვევა ქმნის ძალიან კარგ შესაძლებლობას, რომ თანხა სტიქიისგან დაზარალებული მოსავლის რეაბილიტაციას მოხმარდეს. ამიტომ უნდა იყოს ინტენსიური ურთიერთობა ფერმერებთან, პირველ რიგში, სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია. აშშ-ში პროგრამაში მონაწილე კომპანიები სტიმულს იღებენ სახელმწიფოსგან, უამრავი პროექტი მუშაობს. დღეს, როცა საქართველო სასურსათო უსაფრხოების გზას უნდა დაადგეს, აგროდაზღვევა პრინციპულად მნიშვნელოვანია", - აცხადებს პაატა აროშიძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობაზე პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა მოსავალს 4 ძირითადი სტიქიური მოვლენისგან აზღვევს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერები მოსავალს მოსალოდნელი სტიქიისგან (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსისთვის საშემოდგომო ყინვა) აზღვევენ. სამინისტროს აგროდაზღვევის განვითარების განახლებული სტრატეგია მზად აქვს. 

ბოლო მონაცემებით, აგროდაზღვევის ფარგლებში გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 18,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ. ლარს შეადგენს. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სუბსიდიის თანხა აგროდაზღვევაში 8 მლნ ლარს აჭარბებს. 2014 წლიდან დღემდე, 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებული ზარალი 44 მლნ ლარს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system