თავში

აგროდაზღვევის სტრატეგია იცვლება

აგროდაზღვევის სტრატეგია იცვლება
აგროდაზღვევის სტრატეგია იცვლება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კერძო სადაზღვევო კომპანიების, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგიის პროექტი განიხილა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აგროდაზღვევა არის დაცვის ინსტრუმენტი, რომელიც ფერმერებისთვის საქმიანობას პროგნოზირებადს ხდის. წლებია ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება.

„სამინისტრომ, ჩვენი შესაბამისი სტრუქტურების ჩართულობით, აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია მოამზადა. დოკუმენტს უკვე შეჯერებული პოზიციებით დავამტკიცებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ პენეტრაცია, დაზღვევის სისტემაში გაიზარდოს და მასში საქართველოს ყველა რეგიონი და ფერმერთა დიდი ნაწილი ჩაერთოს“, -განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში არსებული აგროდაზღვევის შვიდწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ კონკურენცია სადაზღვევო ბაზარზე იყოს ჯანსაღი.

„სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთავრობამ, ბიზნესმა, ფერმერმა იცოდნენ ის ძირითადი მიმართულებები და აქცენტები, თუ როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა და, შესაბამისად, აგროდაზღვევა“, - განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა,

აგროდაზღვევის სტრატეგიის პროექტის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართობის ზრდას, რისკების მართვის თანამედროვე მექანიზმების გამოყენებას და ზარალის შეფასების ახალი სისტემის შემუშავებას.

სახელმწიფო აგროდაზღვევა 2014 წლიდან მოქმედებს. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს კლიმატური რისკებისგან დაიცვან საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, გაცემულია 115 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 100 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 69.7 მლნ. ლარი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 48 მლნ. ლარია. 

აგროდაზღვევას შესაძლოა ხანძრის კომპონენტი დაემატოს.  აგროდაზღვევის სტრატეგია განახლდება.  სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით კმაყოფილია. ლევან დავითაშვილის თქმით, აგროდაზღვევის პროგრამა განიცდის განახლებებს და ფერმერთა ინტერესებზე მეტად მორგებული ხდება. მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, აგროდაზღვევა მიმდინარე წლიდან სამწლიანი გახდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი პროგრამას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მიიჩნევს და სიამაყით აცხადებს, რომ აგროდაზღვევის ბიუჯეტი 40 მლნ ლარზე მეტია. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ხელისფლება მნიშვნელოვან გარღვევას აპირებს და შედეგსაც ელოდება.

ცნობისთვის, აგრარულ ბიზნესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რისკების დაზღვევას. საქართველოში მოსავლის დაზღვევის კულტურა ჯერ კიდევ დაბალია. აგრობიზნეს ოპერატორები ამბობენ, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა არასრულფასოვანია, რადგან მხოლოდ მოსავლის დაზღვევას ითვალისწინებს, რაც სისტემის გარეთ ტოვებს მათ, ვინც მრავალწლოვან კულტურებს აშენებს და პირველ მოსავალს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღებს.

გროსპეციალისტები თვლიან, რომ აგროდაზღვევა საქართველოში კვლავ დაბალ დონეზეა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის პროგრამით კმაყოფილია, თუმცა მის ნაკლოვანებებსაც აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ სრული დაზღვევა და სრული დაფარვა იქნება. მისივე თქმით, ზოგადად მსოფლიოში აგროდაზღვევის ერთი წარმატებული და განსაკუთრებული მოდელი არ არსებობს.

შეგახსენებთ, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system