თავში

აგროწარმადობის ხელის შემშლელი მიზეზები საქართველოში

აგროწარმადობის ხელის შემშლელი მიზეზები საქართველოში
აგროწარმადობის ხელის შემშლელი მიზეზები საქართველოში

პანდემიურ პერიოდში აგრარულ სფეროში განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, წარმოების ზრდა გამოწვევად რჩება და ამ პრობლემის მოგვარებას საკმაოდ გრძელვადიანი პერიოდი დასჭირდება. ამის შესახებ report.ge-თან სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი ანზორ მესხიშვილი საუბრობს. მისი თქმით, ქართული პროდუქტის ხარისხი, დაბალი კონკურენტუნარიანობა და ტექნოლოგიების სიმცირე ძირითადი პრობლემაა, რაც ქვეყანაში აგროწარმოების ზრდას აფერხებს.

,,სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ აგრარული სექტორისკენ მიგვახედა, გამოწვევების საპასუხოდ საქართველო ჯერ კიდევ არ არის მზად. მთავარია, რომ სერტიფიცირებული პროდუქტის წარმოება შევძლოთ, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასოცირების ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს ხარისხის სერთიფიკატს და ამ ვალდებულებას თუ შევასრულებთ, შედეგს უფრო მალე ვიგრძნობთ. ცხადია ისიც, რომ აგრარული სექტორი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს განვითარებას, რადგან ბევრი რამ ბუნების კანონზეც არის დამოკიდებული. ტექნოლოგიურად უნდა განვითარდეს დარგი. ამავე დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს სტრატეგიულ დარგებზე, როგორიცაა მემარცვლეობა, მაღალმთიან რეგიონებში - მეცხოველეობა და სხვა, რაც სურსათის წარმოებას გაზრდის. სამწუხაროდ, კონკურენცია თითქმის არ არის, განსაკუთრებით ბოსტნეულის ბაზარზე. ამის მიზეზია ის, რომ იმპორტული პროდუქტი შემოდის დემპინგური ფასით, ადგილობრივი წარმოება დიდი ხნის განმავლობაში იგნორირებული იყო. მხოლოდ ახლა, პანდემიურ პერიოდში მიექცა ეროვნულ აგროწარმოებას ყურადღება და შედეგი ასე მალე ვერ მიიღწევა. საქართველოში ბოსტნეულის წარმოების დიდი პოტენციალი გაგვაჩნია, შეიძლება,მარცვლლეული ვერ ვაწარმოოთ საკმარისი რაოდენობით, მაგრამ ბოსტნეულის იმპორტი არ გვჭირდება, მთელი აქცენტი ამისკენ უნდა მივმართოთ", - აცხადებს ანზორ მესხიშვილი.

ცნობისთვის, აგროწარმოებაზე პანდემიის გავლენა არასამთავრობო სექტორმა შეაფასა. ISET-ის ეკონომისტები, რომლებმაც გამოიკვლიეს COVID-19 საქართველოს სოფლის მეურნეობაზე, ფიქრობენ, რომ  COVID-19-ის გავლენის სიმწვავე დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება მასზე რეაგირების პოლიტიკა როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერიოდში

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩართული. სექტორში დასაქმებულთა დიდ ნაწილს ფერმერები წარმოადგენენ, რომლებსაც ხშირად უწევთ ისეთ რისკებთან გამკლავება, როგორიცაა ფასების ცვალებადობა, ინფლაცია, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, კლიმატის ცვლილება თუ შეზუდული ფინანსური რესურსები. COVID-19 დამატებითი გამოწვევაა ამ სექტორში დასაქმებულთათვის", - აცხადებენ კვლევის ავტორები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system