თავში

აგროტურიზმთან დაკავშირებით პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა

აგროტურიზმთან დაკავშირებით პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა
აგროტურიზმთან დაკავშირებით პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა

აგროტურიზმთან დაკავშირებით საქართველოს X მოწვევის პარლამენტმა წინა მოწვევის პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. გადაწყვეტილება დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„აგროტურიზმის შესახებ" კანონპროექტში გაწერილი რიგი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის და აგროტურიზმის განვითარებისთვის; ამავე დროს ჩემთვის ცნობილია ის არგუმენტები, რომელთა გამოც დარგობრივი კომიტეტი ამ კანონზე მუშაობას ვერ გააგრძელებს. იმედი მაქვს, რომ როცა კანონპროექტს გადავამუშავებთ და შემოვიტანთ, მხარს დაუჭერთ“, - მიმართა ნინო წილოსანმა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილს. 

თუმცა, როგორც სონღულაშვილმა განაცხადა, კომიტეტი აგროტურიზმთან დაკავშირებით იმსჯელებს ახალ კანონში, რომელსაც ტურიზმის შესახებ შეიმუშავებს. 

,,აგროტურიზმის შესახებ“ კანონი აქტუალურია, თუმცა კომიტეტი შეიმუშავებს ტურიზმის შესახებ ახალ კანონს და აგროტურიზმის ნაწილიც მისი შემადგენელი იქნება. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ასეთი ფორმით გაგრძელებულიყო ამ საკითხზე მუშაობა“, - დასძინა დავით სონღულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტს 2020 წლის ოქტომბერში წარედგინა ახალი საკანონდმებლო ცვლილბებები, რომელიც აგროტურისტული საქმიანობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კანონპროექტს უნდა განესაზღვრა აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტისთვის სტატუსის მინიჭების წესი და დაეკონკრეტებინა, რომ სტატუსის მინიჭებასა და შეწყვეტაზე უფლებამოსილი იქნება შემოსავლების სამსახური, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს აგროტურიზმის ბაზრის პოტენციალის კვლევით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system