თავში

აგვისტოში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 17.0%-მდე მოიმატა

აგვისტოში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 17.0%-მდე მოიმატა
აგვისტოში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 17.0%-მდე მოიმატა

2021 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 12.8 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასებმა 0.7 პროცენტით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით ყველაზე მეტად, 0.2 პროცენტული პუნქტით ყველის გაძვირებამ იმოქმედა.

„წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას საწვავის ფასები ახდენდა. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით ბენზინი – 52.0 პროცენტით, ხოლო დიზელი 43.9 პროცენტით გაძვირდა. საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში აგვისტოში, ივლისის მსგავსად, 2.1 პროცენტული პუნქტის დონეზე შენარჩუნდა. კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე კვლავ 1.7 პროცენტული პუნქტი იყო. როგორც წინა ანგარიშებში აღვნიშნეთ, ამის მიზეზი, მეტწილად, კომუნალურ გადასახადების სუბსიდირების დასრულება და ასევე გარკვეული კომუნალური გადასახადების ზრდაა. სურსათის გაძვირება გლობალური ტენდენციაა, რაც საქართველოზეც აისახება. აგვისტოში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 17.0 პროცენტამდე, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 4.7 პროცენტული პუნქტამდე მოიმატა. აქედან გამოსარჩევია მსოფლიო ბაზარზე ფასის მატების გამო მზესუმზირის ზეთის 83.0% პროცენტით გაძვირება, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ხორბლის გაძვირებამ პურის ფასის 13.3 პროცენტით და, შესაბამისად, ინფლაციის 0.5 პროცენტული პუნქტით მატება გამოიწვია. კარტოფილის, ყველის, კვერცხის, ქათმის ხორცის და შაქრის გაძვირებამ ჯამში ინფლაცია 1.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 10.9 პროცენტით გაძვირდა, ხოლო სიგარეტის წვლილმა ინფლაციაში 0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.8 პროცენტს გაუტოლდა“,- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, სებ-ის ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 18.7 პროცენტამდე მოიმატა, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 8.2 პროცენტი შეადგინა. შერეული საქონელი 16.5 პროცენტით გაძვირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system