თავში

ახალი შესაძლებლობები ტურისტული ინდუსტრიისთვის

ახალი შესაძლებლობები ტურისტული ინდუსტრიისთვის
ახალი შესაძლებლობები ტურისტული ინდუსტრიისთვის

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმმა ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი დაიკავა. გადაწყდა, რომ ქვეყანა 1 ივლისიდან ტურისტების მიღებას შეძლებს. ტურიზმის სფეროს ექსპერტის, ნიკა კვარაცხელიას განცხადებით, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებული იქნება ქვეყანა ეპიდემიასთან ბრძოლაში და რა პირობებს შეუქმნის მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ დარგებს, პირველ რიგში, ავიაციას, რომელიც კორონავირუსის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

,,საქართველოს მთავრობამ მიმართა ისეთ ღონისძიებებს, რომლის მსგავსი რამ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ჯერ არ გაუკეთებიათ. მაგალითად, რუსეთის ფინანსთა მინისტრი სრულიად წინააღმდეგია, რომ მეწარმეებს რაიმე ფინანსური დახმარება გაუწიოს. ჩემი აზრით, ეკონომიკის სტიმულირებითვის საქართველო სწორი გზით მიდის, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტურიზმი მთავრობის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული არ არის. ტურისტს თუ არ უნდა, ვერანაირად ვერ ჩამოიყვან. განსაკუთრებული პირობები უნდა შევთავაზოთ, რომ საქართველოში დასვენების ინტერესი ისევ გაუჩნდეთ. ცხადია, გარეფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ.  თვითმფრინავებში თუ შუა ადგილებს გააუქმებენ,  ფრენები გაძვირდება, რაც ტურისტების ჩამოსვლას შეაფერხებს. ამიტომ ავიაციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ არ იქნება შესაბამისი პირობები, ტურიზმში შედეგის მიღება გაუჭირდებათ. ჯერ კიდევ არ ვიცით, ქვეყნები რა პირობებს დაუწესებენ საკუთარ მოსახლეობას მოგზაურობისთვის და ჩვენ ამისთვის რამდენად ვიქნებით მზად, ესეც მნიშვნელოვანია", - აცხადებს კვარაცხელია და დასძენს, რომ ტურიზმის სექტორში გადასახადების მოხსნა მთავრობის მხრიდან საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას შექმნის. 

,,ძალიან ბევრ ქვეყანას ტურიზმისთვის საგადასახადო შეღავათები არ გაუკეთებია. ცხადია, ესეც არ არის ყველაფერი, საბოლოოდ ტურისტი უნდა იყოს მსურველი, რომ ძნელბედობის ჟამს ჩამოვა საქართველოში. ამიტომ იგი გარანტირებული უნდა იყოს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დაინფიცირდება ანუ საბოლოოდ ყველაფერი ეპიდემიასთან ბრძოლის შედეგზე არის დამოკიდებული, ამ პრობლემას თუ მოვაგვარებთ, გარკვეულ წარმატებას მივაღწევთ ტურიზმშიც", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრია სამ ეტაპად გაიხსნება. პირველ ეტაპზე ინდუსტრიის მომზადება მოხდება, მეორე ეტაპზე 15 ივნისიდან, ადგილობრივი ტურიზმი აღდგება. მესამე ეტაპზე კი, საერთაშორისო ტურისტების მიღებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system