თავში

ახალ დეველოპერულ პროექტებზე ნაკლები მოთხოვნაა

ახალ დეველოპერულ პროექტებზე ნაკლები მოთხოვნაა
ახალ დეველოპერულ პროექტებზე ნაკლები მოთხოვნაა

დეველოპერული ბიზნესის წამომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი პროექტების მიმართ მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია, რაც დასაქმებაზეც აისახა. მათივე ინფორმაციით, მოთხოვნა ძირითადად დასრულებულ ბინებზეა, , ხოლო ახალი პროექტების განხორციელებამ გადაიდო იმ ვადამდე, სანამ სიტუაციის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ report.ge-ს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა აცნობა. 

,,გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირებულია, არ ვიცი, საიდან იღებენ მონაცემს, რომ იპოთეკური სესხები გაიზარდა, როცა სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან კრიზისზე საუბრობენ. ყოველ შემთხვევაში, ახალი პროექტების მიმართ ნამდვილად მძიმე სიტუაციაა, ახალი მშენებლობები არ მიმდინარეობს, ამ მიმართულებით ბაზარი დაახლოებით 25-30%-ის ფარგლებში შემცირდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ცხადია, ეს ზუსტი სტატისტიკა არ არის, ჩვენს დაკვირვებას  ემყარება, თუმცა ობიექტურად წარმოაჩენს იმ ვითარებას, რაც დეველოპერულ ბიზნესშია შექმნილი. ხალხი ვერ ყიდულობს ბინებს, ეკონომიკური პრობლემა, ვალუტის რყევა და სხვა. თითქმის ყველა მიმართულებით რეალიზაცია შემცირდა და ეს მშენებლობის მოცულობაზეც აისახა, საკმაოდ დიდი ჩამორჩენა", - აცხადებს როსტომაშვილი.

უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებსა და არსებულ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი. მისი თქმით, სამშენებლო კომპანიების ნაწილს საქმიანობის გაგრძელება გაუჭირდება, რადგან ახალი პროექტები შემცირებულია ან შეჩერებული, ხოლო მომხმარებელი ძირითადად მეორადი ბაზრის მიმართ იჩენს ინტერესს, რაც ბოლო დროს ნაკლებად შეიმჩნეოდა.

,,ეპიდემიურ პერიოდში, 2020 წელს, უძრავი ქონების ბაზარს სახელმწიფო ძალიან დაეხმარა. სუბსიდიით შესაძლებელი გახადეს, რომ დარგს კრიზისი არ განეცადა და ეს მეტნაკლებად მოხერხდა. ის, რომ დარგი დღეს უძრავი ქონების ბაზარი კრიზისში არ არის, სწორედ დაწესებული შეღავათების დამსახურებაა. თუმცა პრობლემის დიდი ნაწილი  ისევ მოუგვარებელია.  მეორადი ბინებ ის მიმართ მეტი მოთხოვნაა, ახალ პროექტებში ფულის ჩადებას ყველა უფრთხის. სამომავლოდაც,  ალბათ, უფრო მცირე პროექტებს მიენიჭება უპირატესობა. ეს ტენდენცია გაგრძელდება, სანამ კორონავირუსი ჯერ კიდევ არსებობს. მოსახლეობა და ბიზნესიც,  დამოკიდებულია საკრედიტო ოპერაციებზე, რადგან ფულადი რესურსი შეზღუდულია.  რაც მეტი ხელმისაწვდომობა გაუჩნდება მომხმარებელსაც ფულზე, პრობლემა უფრო დროულად მოგვარდება", - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი report.ge-თან.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემს, ახალი გაცემული იპოთეკური სესხები 25.8%-ით გაიზარდა 2021 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით (+161% წ/წ). ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის აღდგენის პროგნოზში. დოკუმენტის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა მარტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2019 წელთან შედარებით, ზრდამ 19.5% შეადგინა შედარებით (+30% წ/წ)

აქვე აღნიშნულია, რომ თიბისის არხებით განხორციელებული მთლიანი შემოდინებები 5 აპრილით დასრულებულ კვირაში 23.5%- ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით (+85% წ/წ).

იპოთეკური სესხების სუბსიდირებით, რომელიც 2020 წელს დასრულდა, სულ 8,443-მა მსესხებელმა ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული მთლიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 827 მილიონი ლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system