თავში

ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება

ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე სა
ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება

"ისეთი ბიზნესოპერატორისთვის, რომელსაც არ აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, ჯარიმა 400 ლარის ნაცვლად 500 ლარით განისაზღვრა. ხოლო სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმა 600 დან 1000 ლარამდეა გაზრდილი," - ამას ითვალისწინებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისთვის ეტიკეტირების წესის დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება.

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა პრობლემები კანონმდებლებმა გასულ კვირას მოისმინეს.  პრობლემებს შორის სახელდება მეზობელი ქვეყნების ბაზრის გაჯერება ფალსიფიცირებული ე. წ. ქართული ღვინით, რომელიც მეზობელ ქვეყნებშია წარმოებული, ხოლო მისი რეალიზაცია ხდება როგორც ქართულის, ქართული წარწერით. ეს კი მნიშვნელოვანწილად ხელს უშლის ქართველ მეღვინეებს და, მწარმოებლების შეფასებით, ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ალკოჰოლური სასმელების წარმოებას მნიშვნელოვანი წილი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით ექსპორტში და კომიტეტი ყოველთვის მზადაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს.

ქართული ღვინის ფალსიფიცირებისგან დაცვის პარალელურად, გაგრძელდება ქართული ღვინის მარკეტინგი. ცოტა ხნის წინ ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ოთხი წლის განმავლობაში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-იან ზრდას ელის.

ქართული ღვინო მსოფლიო სპეცღვინოების ჩამონათვალშია.

ქართული ღვინო 2020 წლის საუკეთესო ხუთ ღვინოს შორისაა.

შეგახსენებთ, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ და მთავრობის გეგმით, წელს ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს. ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებით დადგენილი შაქრიანობა განსაზღვრავს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის.კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც.

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოების მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტებში: „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ და „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.

ცვლილებები სხვადასხვა პარამეტრების თანაფარდობის განსაზღვრას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობის პარამეტრის განსაზღვრა.

ტექნიკურ რეგლამენტებში 2020 წელს შესული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის შედგენილობაში გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაფარდობის განსაზღვრას. ეს ადგენს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები ბუნებრივადაა თუ ხელოვნურადა დამტკბარი. ასევე მნიშვნელოვანია საქაროზას მაჩვენებელი ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებში, რაც ადგენს ღვინოში ხელოვნურად დასატკბობად იყო თუ არა გამოყენებული იყო შაქრისგან (საქაროზასაგან) მომზადებული სიროფი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system