თავში

ამერიკული ინდექსები იზრდება

ამერიკული ინდექსები იზრდება
ამერიკული ინდექსები იზრდება

ამერიკული აქციებისთვის თებერვალი საკმაოდ კარგად დაიწყო და ძირითადმა ამერიკულმა ინდექსებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ზრდის მთავარი მიზეზი ამერიკის მხრიდან მოსალოდნელი ფისკალური სტიმულია. 

ამის შესახებ აღნიშნულია galt & taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში. 

ანალიტიკოების შეფასებით, ჯო ბაიდენის მსხვილი სტიმულირების პაკეტი აუმჯობესებს ამერიკის ეკონომიკის აღდგენის მოლოდინებს, რაც ასევე მოსალოდნელია რომ გაზრდის ინფლაციას. გაზრდილმა ინფლაციის მოლოდინებმა ამერიკაში გრძელვადიანი ობლიგაციების ფასების შემცირება და შესაბამისად შემოსავლიანობის ზრდა გამოიწვია. 

კვლევის თანახმად, ამერიკის 30 წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობა ერთი წლის განმავლობაში პირველად გადაცდა 2%-ს.

კვლევაში განმარტებულია, რომ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული $ 1.9 ტრილიონის ფისკალური სტიმულირების პაკეტის განხილვა კონგრესში დაწყებულია (გადაწყვეტილება მოსალოდნელია მარტში) და ამ პაკეტს რამდენიმე ცნობილი ეკონომისტი დაუპირისპირდა, ინფლაციური წნეხის გაზრდის არგუმენტებით. თუმცა, აშშს სახაზინო მდივნის ჯანეტ იელენის შეფასებით, ამ პაკეტის მიღების შემთხვევაში, ამერიკა შეძლებს უმუშევრობის მინიმუმამდე შემცირებას. იელინი კონგრესს მოუწოდებს, მიიღონ კანონპროექტი. გარდა ამისა, ჯანეტ იელენმა ასევე ურჩია G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალურ ბანკირებს, არ შეამცირონ ფისკალური სტიმულირების პაკეტები.

"საერთო ჯამში, ძირითადი ამერიკული ინდექსებისთვის თებერვალი საკმაოდ კარგად დაიწყო. თებერვლის პირველ 2 კვირაში S&P 500 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო Dow Jones ინდექსი კი 4.9%-ით. აღსანიშნავია, რომ ყველაზე კარგი შედეგი ენერგეტიკულმა კომპანიებმა აჩვენეს, რაც ნავთობის გაზრდილ ფასებს უკავშირდება. ტექ-კომპანიებით დატვირთული NASDAQ-ის ინდექსი კი თებერვლის პირველ ნახევარში 7.8%-ით გაიზარდა," - ვკითხულობთ მიმოხილვაში. 

აქვე განმარტებულია, რომ იანვრის ბოლო კვირაში კაპიტალის ბაზრებზე გაზრდილი არასტაბილურობის შემდეგ, რაც საცალო ინვესტორების მხრიდან გამოწვეულ ვოლატილობას უკავშირდება, Cboe Volatility (მერყეობის) ინდექსი - VIX – 15 თებერვლის მდგომარეობით მნიშვნელოვნად შემცირდა და 20-ზე დაბალ ნიშნულზე დავარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system