თავში

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საარბიტრაჟო დავას იწყებს

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საარბიტრაჟო დავას იწყებს
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“  საარბიტრაჟო დავას იწყებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა უცხოელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს.

ბობ მეიერმა სარჩელით მიმართა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს, ხოლო კონსორციუმმა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა.

როგორც კონსორციუმის წარმომადგენლებმა და ინვესტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული ორი სარჩელით, ისინი ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ფინანსური ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც მათი განცხადებით, ერთ მლრდ აშშ დოლარს აღემატება.

„როგორც პატრიოტული ჟესტი, კონსორციუმმა შეაჩერა აღნიშნული სარჩელების შეტანა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რათა ხელი არ შეგვეშალა მთავრობისთვის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. სამწუხაროდ, მთავრობა უბიძგებს კონსორციუმს, რომ დაიწყოს საარბიტრაჟო დავა და შესაბამისად, მთავრობამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა მიღებული შედეგებისთვის“, – განაცხადა ბრიფინგზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა.

კონსორციუმის წარმომადგენლების შეფასებით, აღნიშნული საკითხი პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის.

„ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირგამომთხრელი კამპანიითა და საარბიტრაჟო დავის ფორსირებით, მთავრობა აზიანებს საქართველოს ეკონომიკას. გარდა ეკონომიკური სარგებლის დაკარგვისა, რომელსაც ანაკლიის პორტი და ეკონომიკური ზონა მოუტანდა ქვეყანას ან იმ არასასურველი ფინანსური პასუხისმგებლობისა, რაც სახელმწიფოს დაეკისრება, მთავრობა ფაქტობრივად ხელს უშლის საერთაშორისო ინვესტორებს, საქართველოში განახორციელონ ნებისმიერი ინვესტიცია“, – აღნიშნა ჯონასმა.

კონსორციუმში უკანონოს უწოდებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათთან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

შეგახსენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორისძებნა დაიწყო.

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან პორტის მშენებლობაში თანამშრომლობის აღდგენას არ გეგმავს. მან კონსორციუმის ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვა ჯერ კიდევ 14 მაისს გამორიცხა, როცა კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს. ეს ეჭვი გამოთქვა მერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმაც. მისი თქმით, საქართველომ რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა ანაკლიის პროექტის განვითარება.

ჰოჯესის პასუხად ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნმავამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი პროექტია, რითაც დასტურდება, რომ ის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, თურნავას თქმით, ოცნების ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეს პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც ეს აწობს საქართველოს.

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა და მთავრობა გეგმავს საპორტი ინფრასტრუქტურის განვითარებვის ტემპი დააჩქაროს. მისივე თქმით, დაგეგმილია შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი გახდეს ღრმაწყლოვანი. თურნავას განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი და ეს ფოთში სავსებით შესაძლებელია.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის, თურნავას თქმით, საქართველო ფოთის პორტსაც განავითარებს და ანაკლიის პორტსაც ააშენებს.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system