თავში

ანაკლიის პორტის არქონის 6 ნეგატიური შედეგი

ანაკლიის პორტის არქონის 6 ნეგატიური შედეგი
ანაკლიის პორტის არქონის 6 ნეგატიური შედეგი

"ანაკლიის ნავსადგურის პროექტის „ბლოკირება“ იწვევს საქართველოზე გამავალი დერეფნის მიმზიდველობის დაქვეითებას, რეგიონში წარმოქმნილი სტრატეგიული ტვირთნაკადების რუსეთზე გამავალი დერეფნებით გადაზიდვის ხანგრძლივი ვადით დამკვიდრებას, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯის შელახვას და ქვეყნის ლოგისტიკურ სისტემებში უცხოური ინვესტიციების შემცირებას," - ასე ფიქრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი და ამტკიცებს, რომ ყოველივემ ერთობლიობაში, შესაძლოა, აშშ-ს და ევროკავშირს უბიძგოს, გადახედოს და შეცვალოს კეთილგანწყობლი პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

ცაგარეიშვილი report.ge-ს განუმარტავს იმ 6 ნეგატიურ შედეგს, რაც ქვეყანას ანაკლიის პორტის არქონამ მოუტანა"

1. ექსპერტის ამტკიცებს, რომ ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის გადავადებამ საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს დააკარგვინა შესაძლებლობა ჩამოყალიბებულიყო, რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის რეალურ ალტერნატივად. მისი მტკიცებით, იმ ვითარებაში, როცა ჯერ კიდევ „სიცოცხლის უნარიანად“ განიხილებოდა ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, კასპიის ზღვის აღმოსავლეთით განლაგებულ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს დამატებითი სტიმული მიეცათ, კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო დერეფნების ფორმირებისათვის: საკუთარ ტერიტორიებზე, თანამედროვე მოთხოვნების დონეზე, განეხორციელებინათ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები; "ასე მაგალითად, თურქმენეთმა კასპიის ზღვის გასწვრივ, ავღანეთთან და პაკისტანთან ერთად დაიწყო „ლაპისლაზური“ დერეფნის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. უფრო მეტიც, როცა ანაკლიის ირგვლივ, ქვეყნის შიგნით, ტვირთნაკადების და საფინანსო გარანტიების არარსებობის მოტივით, პოლიტიკურ დონეზე, ჯერ კიდევ მკაფიოდ არ იყო გამოკვეთილი პროექტის „ტორპედირების“ წინაპირობები, მეზობელი ქვეყნები კასპიის ზღვაზე აქტიურად ახორციელებდნენ ხუთი მნიშვნელოვანი ნავსადგურის მშენებლობა - გაფართოებას, რითაც, ანაკლიის პროექტის განხორცილების შემთხვევაში, ეს ქვეყნები ქმნიდნენ საფუძველს სინქრონულად წონასწორობაში მოეყვანათ შავ და კასპიის ზღვაზე სანავსადგურე სიმძლავრეები. მაგალითად, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ექსპლუატაციაში შევიდა ახალი, ალიათისა და კურიკის ნავსადგურები; ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა არსებული, ბაქოს, აქტაუს და თურქმენბაშის ნავსადგურთა გამტარუნარიანობა. არსებულ ვითარებაში, როცა აქტაუს და ალიათის ნავსადგურები ყოველწლიურად აუმჯობესებენ ტვირთნაკადების გადამუშავების მაჩვენებლებს, შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის შეჩერება იმპულსს აძლევს ჩინეთიდან ევროპაში სახმელეთო გადაზიდვების განხორციელებას ყაზახეთის გავლით, ტრანსციმბირული მაგისტრალის გამოყენებით. გარდა ამისა, კასპიის ზღვაზე ახალი სიმძლავრეების შექმნის პარალელურად, საერთო სქემიდან ანაკლიის ამოვარდნა დამატებით კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს ვოლგა - რუსეთ - ირანზე გამავალ ჩრდილოეთ - სამხრეთ სატრანსპორტო დერეფანს (დონის არხზე გასვლით), რომლის საპირწონედ განიხილებოდა ანაკლიის ნავსადგური," - გვეუბნება ექსპერტი. 

2. მისივე გაანმარტებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ ანაკლიის პროექტის „ტორპედირების“ შესახებ, „დერეფნის“ მეზობელი სახელმწიფობის მიერ საპორტო ინფრასტრუქტურაში განთავსებული ინვესტიციები დაბალი ფინანსური უკუგების მატარებელი გახადა, რამაც საქართველო, მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე წარმოაჩინა ნაკლებ საიმედო პარტნიორად სატრანზიტო გადაზიდვების სფეროში. პაატა ცაგარეიშვილი ამტკიცებს, რომ ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერება, ბუნებრივია რუსეთს აძლევს დამატებით შესაძლებლობას ბელორუსი - რუსეთი - ცენტრალური აზიის ღერძის გამოყენებით, დაუბრკოლებლივ გადაანაწილოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში წარმოქმნილი ტვირთნაკადები საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით . ანაკლიის ნავსადგურის შემთხვევაში კი პოლონეთს უჩნდებოდა ალტერნატივა, რუსეთ - ბელორუსიის მუდმივად გადატვირთული სასაზღვო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ანაკლიის გამოყენებით, ცენტრალურ აზიაში და ჩინეთში „რევერსული“ ტვირთები მიემართა კრაკოვ - კონსტანცას ან კატოვიცე - ოდესის მიმართულებებით. ამავე სქემაში ეწერება რუმინეთი - შავ ზღვის დასავლეთით განლაგებული უმსხვილესი კონსტანცის ნავსადგურით. "პერსპექტივაში ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წარმოქმნილი დამატებითი ტვირთნაკადი, ანაკლიის ნავსადგურს მისცემდა შესაძლებლობას, კონსტანცის ნავსადგურის გამოყენებით სარკინიგზო - საავტომობილო საბორნე განვითარებისათვის," - განუცხადა report.ge-ს ცაგარეიშვილმა.  3.ექსპერტის განმარტებითვე,  ანაკლიის პროექტის შეჩერებით, საქართველომ დაკარგა შესაძლებლობა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან ანაკლიის გავლით მოეზიდა „რევერსული“ ტვირთნაკადი. ცაგარეიშვილის განმარტებით, ცენტრალური აზიის საექსპორტო პროდუქციის მოზიდვისათვის, ანაკლიის ნავსადგურს გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა უზბეკეთისთვის, რომელიც მსოფლიოში ბამბის ბოჭკოს ექსპორტით მეოთხე სახელმწიფოა, ისევე როგორც ყაზახეთისათვის მისი მინერალური სასუქით და ქვანახშირით, თურქმენთისთვის ნავთობგადამუშავებული პროდუქციით. "სადღეისოდ, ცენტრალური აზიის ექსპორტი, რუსეთის რკინიგზების გავლით, ბალტიის, შავი და კასპიის ზღვებიდან რუსეთის ნავსადგურებში გადაიზიდება. შედეგად, რუსეთის პოლიტიკა თვალნათელია და გაცხადებული: საკუთარი სატრანსპოტო დერეფნების და ნავსადგურების გამოყენებით, დაეუფლოს ცეტრალური აზიის ყველა სტრატეგიულ ტვირთნაკადს, რისთვისაც გეგმაზომიერად ავითარებს შავ ზღვაზე ნოვოროსიისკის ღრმაწლოვან ნავსადგურს, აზოვის ყურეში - ტამანის ნავსადგურს, კასპიის ზღვაზე - ლაგანის ნავსადგურს, ბალტიის ზღვაზე - უსტ - ლუგის და სანკტ-პეტერბურგის ნავსადგურებს," - ამბობს "ჰაბ ჯორჯიას" ექსპერტი. 4. პაატა ცაგარეიშვილის მტკიცებით, ანაკლიის ნავსადგურის გაურკვევლი ვადით შეჩერება, ბუნებრივია, რუსეთს საშუალებას აძლევს ცენტრალური აზიის ყველა ტვირთნაკადს დაეუფლოს, და, უფრო მეტიც, მყარად „დაამკვიდროს“ საკუთარ სატრანსპორტო დერეფნებში, რომლის გადმორთვა, შავ ზღვაზე კონკურენტი ანაკლიის პროექტის გაჭიანურების პირობებში, ახლო პერსპექტივაში შეუძლებელი იქნება. "ანაკლიის ნავსადგურის პროექტის გაურკვევი ვადით შეჩერება რუსეთს აძლევს საშუალებას, დაეუფლოს ცენტრალური აზიის სტრატეგიულ ტვირთნაკადებს და მიმართოს საკუთარი სატრანსპორტო დერეფნებით და ნავსადგურებით. რა შესაძლებობები გაუშვა უშუალოდ საქართველომ ანაკლიის ნავსადგურის და ანაკლია სიტის გაჩერებით? პირველ რიგში დაიკარგა, დეფიციტური თანამედროვე ტექნოლოგოგიების ცოდნით აღჭურვილი სამუშაო ადგილები, ასევე დაიკარგა შანსი, ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრირების გზაზე ყოფილიყო მეტად დივერსიფიცირებული. თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პერსონალის არსებობის ან ევროპის ბაზრისთვის შეთავაზების შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებაში ჩამოაყალიბდებოდა პერსექტივის განცდა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინტეგრირების გზაზე. ყოველივე ეს კი ევროპის საერთო კეთილდღეობაში, საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვან კონტრიბუციად აღიქმეოდა," - გვეუბნება ექსპერტი.  5. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ანაკლიის ნავსადურის და ანაკლია სიტის გაჩერებით, საქართველომ, ევროკავშირთან ინტეგრირების და საკუთარი ეკონომიკის განვითარების კუთხით დაკარგა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. "ანაკლიის ნავსადგურის გაურკვეველი ვადით გადავადება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში ამარიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე, რადგანაც საქართველოს საინვესტიციო ბაზრიდან ამერიკელი Conti Group და SSA Marine გასვლა ამერიკელი ინესტორებისათვის და ევროპაში მათი ფილიალებისათვის აღიქმება ძალზე ნეგატიურ სიგნალად ივესტიციების განთავსებასა და დაცულობასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, ამის გამო, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა შეიმუშაონ ახალი სტრატეგია, რაც უარყოფითად იმოქმედებს პირველ რიგში ლოგისტიკის სფეროში ინვესტიციათა მოზიდვაზე. შესაბამის რეიტინგში, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ისედაც მხოლოდ 119 -ე ადგილი უკავია. ანაკლია-სიტის ფუნქციონირებაში გათვალისწინებული ე.წ. ,,ინგლისური კანონმდებლობის“ ჩაშლა უარყოფითად იმოქმედებს დასავლეთ - აღმოსავლეთ ნაოსნობაში დომინირებული შვეიცარიული - დანიური ლოგისტიკური თუ სანაოსნო კომპანიების შემოსვლაზე საქართველოს იურისდიქციაში," - უხსნის პაატა ცაგარეიშვილი report.ge-ს. 6. მისივე მტკიცებით, ანაკლიის ნავსადგურის შეჩერება ასევე უარყოფიდად იმოქმედებს ამერიკული და ევროპული ინვესტიციების მოზიდვაზე და ლოგისტიკის სფეროში განთავსებაზე. მისივე თქმით, ანაკლიის ნავსადგურის პროექტის „ბლოკირებას“ სახელმწიფოს მხრიდან გააჩნდა გარკვეული ობიექტური წინაპირობები, რომელთა შორის შესაძლოა ერთ - ერთი ფაქტორის გამოყოფა. "ევროკავშირის შეფასებით, თვალშისაცემია ტრასეკას დერეფნის არაეფეტურობა: 2010 წლიდან დაწყებული, ამ სატრანსპორტო დერეფნით ტრანზიტი ყოველწლიურად მცირდება. გარდა ამისა, დაბალია ტვირთების გადადგილების სიჩქარე, მაღალია საზღვრების გადაკვეთის ხანგრძლივობა, ჯერაც სირთულეებია და არამდგრადია კოორდინირებული სატარიფო პოლიტიკის გატარება. მიუხედავად, სატარიფო სფეროში ხელმოწერილი ხელშეკრულებებისა, დერეფანი არაკონკურენტუნარიანია და ევროკავშირის შეფასებით, სავარაუდოდ ანაკლიის პროექტს ექნება გარკვეული დადებითი „ზეწოლა“ მაგრამ, სიმპტომები, რომ ახლო მომავალში რაიმე გამოსწორდეს, არ ჩანს. სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის ნავსადგურის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ერთ - ერთი არგუმენეტი საქართველოზე გამავალი დერეფნის დაბალი კონკურენტუნარიანობაამ," - გვიხსნის ექსპერტი. 

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული..

ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება. პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო კონსულტანტიც. მთავრობა იმედოვნებს, რომ პროექტით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესის გააქტიურდება დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც დააანონსა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ.

ანაკლიის პორტი კვლავ მთავრობის პრიორიტეტებში სახელდება. პორტის პროექტის სატენდერო პირობები ახლდება. მთავრობა ანაკლიის სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას გეგმავს და პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტიც ხელახლა მომზადდება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

სპეციალისტები ტამანის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტად მიიჩნევენ. ტამანის პორტმა ტვირთების გატარება უკვე დაიწყო.

რას კარგავს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის დაპაუზებითა და ღრმაწყლოვანი პორტის არქონით, რატომ ვერ აშენდა, როდის აშენდება, ვინ ააშენებს და, ზოგადად, ყველაფერს ანაკლიის პორტის შესახებ, გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system