თავში

ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება

ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება
ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება

ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების შერჩევის ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება და ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა თურნავამ განმარტა, პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო კონსულტანტიც.

„ჩვენი სამინისტროს სისტემაში შექმნილია სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო. დღეს ჩვენმა სამინისტრომ და კერძოდ, ამ სააგენტომ მივიღეთ დავალება, რომ უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა იმისთვის, რომ მოვამზადოთ ანაკლიასთნ დაკავშირებული ინვესტორების შერჩევის კონკურენტული ტენდერი. ეს ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება და ჩატარდება მაღალ დონეზე, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით დასავლელი პოტენციური ინვესტიორების მხრიდან და ვიმუშვებთ შესაბამის კვალიფიცური კონსულტანტთან ერთად“, - ამბობს თურნავა და იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროექტით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

„ჯერ არ იქნება სწორი, რომ ნაადრევად ვისაუბროთ, რამდენად დიდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან და ვინ იქნება სავარაუდო ინვესტორი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ამერიკელი ინვესტორების ყოლა ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, თუმცა შედეგები გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ყველა წესის დაცვით გავმართავთ ტენდერს. მიუხედავად საკმაოდ დინამიური და რთული მსოფლიო ვითარებისა, პანდემიიდან და იმ სხვადასხვა პროცესიდან გამომდინარე, რაც რეგიონში მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი იყოს წარმატებულად შესრულებული“, - განაცხადა თურნავამ.

ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესის გააქტიურდება დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც დააანონსა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ. 

ანაკლიის პორტი კვლავ მთავრობის პრიორიტეტებში სახელდება. პორტის პროექტის სატენდერო პირობები ახლდება. მთავრობა ანაკლიის სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას გეგმავს და პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტიც ხელახლა მომზადდება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

სპეციალისტები ტამანის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტად მიიჩნევენ. ტამანის პორტმა ტვირთების გატარება უკვე დაიწყო.

რას კარგავს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის დაპაუზებითა და ღრმაწყლოვანი პორტის არქონით, რატომ ვერ აშენდა, როდის აშენდება, ვინ ააშენებს და, ზოგადად, ყველაფერს ანაკლიის პორტის შესახებ, გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system