თავში

ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებენ

ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებენ
ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებენ

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განმარტებით,  საარბიტრაჟო დავის დაწყება მას მთავრობამ უბიძგა, რის გამოც ხელისფლებამ უნდა იკისროს
პასუხისმგებლობა მიღებული შედეგებისთვის. 
 ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც report.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინვესტორებს ღრმად სწამთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა უნდა განხორციელდეს და რომ პროექტი შექმნის უნიკალურ ეკონომიკურ შესაძლებლობას საქართველოსთვის. თუმცაღა, აღნიშნული წარმატება მხოლოდ მთავრობის აქტიური მხარდაჭერით არის შესაძლებელი, და ჩვენ გვსურს გამოვნახოთ გზა, რათა ეს პროექტი კვლავ განხორციელდეს.

მიუხედავად ამისა, ADC-მა და მისმა ინვესტორებმა უნდა დაიცვან მათი უფლებები და ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას მივმართეთ, რათა გვეთანამშრომლა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მთავრობასთან, შესაძლო გამოსავლის მოძებნის მიზნით, ჩვენ ყოველ ჯერზე მივიღეთ მტკიცე უარი.

როგორც პატრიოტული ჟესტი, ADC-მა შეაჩერა აღნიშნული სარჩელების შეტანა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რათა ხელი არ შეგვეშალა მთავრობისთვის, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.

სამწუხაროდ, მთავრობა უბიძგებს ADC-ის, რომ დაიწყოს საარბიტრაჟო დავა, და შესაბამისად, მთავრობამ უნდა იკისროს
პასუხისმგებლობა მიღებული შედეგებისთვის.

მთავრობა ყველას არწმუნებს, რომ მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება, ვინაიდან, ADC-იმ ვერ შეასრულა ხელშეკრულების გარკვეული ვალდებულებები. სინამდვილეში, მთავრობა მიზანმიმართულად მოქმედებდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ADC-ის ვერ განეხორციელებინა პროექტი წარმატებით. ამ შემთხვევაში, მთავრობამ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებები, ვინაიდან მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა გადაწყვიტეს, რომ პროექტის წარმატება იყო მათი პირადი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების საწინააღმდეგო. ამ პროცესში, კი მთავრობამ დააზარალა ქართველი ხალხი.

საქართველოს მთავრობის (პარტია ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით) მხრიდან, ADC-ისა და ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მხარდაჭერის არქონა და მისი აგრესიული კამპანია, მიმართული პროექტის, ADC-სა და მისი ინვესტორების წინააღმდეგ, როგორც ჩანს, განპირობებულია რამდენიმე მოტივით, რომელთაგან ორი არის ძალზედ აშკარა. პირველი, როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს, შესაძლოა ამოძრავებდეს პირადი ინტერესები ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც დაკავშირებულია ფოთის პორტთან. მეორე, როგორც გამოიკვეთა, ბატონი ივანიშვილი და ქართული ოცნება ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ, რომელმაც ნათლად აღნიშნა, მისი უარყოფითი დამოკიდებულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის (რომელიც არის ძალიან ახლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან) და მასთან დაკავშირებული დასავლური მხარდაჭერის მიმართ.
ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირგამომთხრელი კამპანიითა და საარბიტრაჟო დავის ფორსირებით, მთავრობა აზიანებს საქართველოს ეკონომიკას. გარდა იმ ეკონომიკური სარგებლის დაკარგვისა, რომელსაც ანაკლიის პორტი და ეკონომიკური ზონა მოუტანდა ქვეყანას, ან იმ არასასურველი ფინანსური პასუხიმგებლობისა, რაც სახელმწიფოს დაეკისრება, მთავრობა ფაქტობრივად ხელს უშლის საერთაშორისო ინვესტორებს, საქართველოში განახორციელონ ნებისმიერი ინვესტიცია. ხელს უშლის სამუშაო ადგილები შექმნას და დოვლათის შემოსვლას, და ხელიდან უშვებს გადამწყვეტ მომენტს, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე გახდეს რეგიონული ჰაბი აზიასა და დასავლეთ ევროპას შორის.

შეჯამებისთვის, იმ მიდგომით, რომლითაც მთავრობამ განახორციელა შეტევა ADC-ზე, მის ინვესტორებსა და პროექტზე, მთავრობა შესაძლოა არღვევდეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში შემოთავაზებული დახმარების ერთ-ერთ პირობას, რომლის თანახმად, დახმარების 15% იქნება შეჩერებული მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა, კანონმდებლობის თანახმად, „იცავს უცხოური ბიზნესის ინტერესებს და რომ მათ შეუძლიათ საქართველოში ბიზნესის წარმოება რაიმე ძალდატანების გარეშე და ასევე, შეუძლიათ სრულად მიიღონ ყველა კომერციული და ფინანსური სარგებელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული შედეგები კი არის მხოლოდ და მხოლოდ ახლანდელი მთავრობისა და ქართულ ოცნების პასუხისმგებლობა“
, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საქართველოს შესაძლოა სხვა ინვესტორებმაც უჩივლონ.

კონსორციუმში უკანონოს უწოდებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათთან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

შეგახსენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორისძებნა დაიწყო.

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან პორტის მშენებლობაში თანამშრომლობის აღდგენას არ გეგმავს. მან კონსორციუმის ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვა ჯერ კიდევ 14 მაისს გამორიცხა, როცა კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს. ეს ეჭვი გამოთქვა მერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმაც. მისი თქმით, საქართველომ რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა ანაკლიის პროექტის განვითარება.

ჰოჯესის პასუხად ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნმავამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი პროექტია, რითაც დასტურდება, რომ ის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, თურნავას თქმით, ოცნების ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეს პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც ეს აწობს საქართველოს.

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა და მთავრობა გეგმავს საპორტი ინფრასტრუქტურის განვითარებვის ტემპი დააჩქაროს. მისივე თქმით, დაგეგმილია შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი გახდეს ღრმაწყლოვანი. თურნავას განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი და ეს ფოთში სავსებით შესაძლებელია.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის, თურნავას თქმით, საქართველო ფოთის პორტსაც განავითარებს და ანაკლიის პორტსაც ააშენებს.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული.

ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენები, მოსაზრებები, შეფასებები, ეჭვები, მტკიცებულებები, ბრალდებები, პასუხები და ყველა სხვა დეტალი იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system