თავში

არასამთავრობო სექტორი: სარგებელი მოსახლეობამდე ვერ მიდის

არასამთავრობო სექტორი: სარგებელი მოსახლეობამდე ვერ მიდის
არასამთავრობო სექტორი: სარგებელი მოსახლეობამდე ვერ მიდის

საქართველოს რეგიონებისთვის გამოწვევები არ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობის კურსი მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული, რეალურად პრობლემების მოგვარება არ ხდება. როგორც აღმოჩნდა, გადაუჭრელია ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც სამთავრობო პროექტებში წარმატებულად მიიჩნევა და ხელისუფლება ამით ხშირ შემთხვევაში თავს იწონებს კიდეც. ასეთ საკითხებს შორისაა მიწის რეგისტრაციის საკითხი, სურსათის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა და ინსპექცია, მყარი ნარჩენების მართვა, სასმელი წყლის ხარისხი და კანალიზაციის პრობლემები. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" ორგანიზებით ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის შეხვედრისას რეგიონების ყველაზე დიდ გამოწვევად სწორედ ეს პრობლემები დასახელდა.

როგორც არასამთავრობო სექტორი აღნიშნავს, შედეგი ვერ მოაქვს თითქმის ვერც ერთ პროექტს, მათ შორის, ,,წარმატებულად" მიჩნეულსაც, რადგან რეალური სარგებელი მოსახლეობამდე ვერ აღწევს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნაბიჯი ხარაგაულის" წარმომადგენელი რუსუდან გურგენიძე პრობლემის დაძლევის ერთ-ერთ სირთულედ კომუნიკაციის დეფიციტს მიიჩნევს.

,,ყველა გეგმა, რომელიც იწერება და ერთი შეხედვით, ხორციელდება კიდეც, სინამდვილეში ქაღალდზევე რჩება. ტარდება ტენდერები, ეწყობა ახალი პროექტების პრეზენტაციები და სხვადასხვა აქტივობები, სარგებელი მოსახლეობამდე ვერ აღწევს. სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ჰყავთ ერთი კონკრეტული წრე, რომლის იქითაც ინფორმაცია არ ვრცელდება. პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ სახელმწიფო ბიზნესს ვერ აძლევს თითქმის ვერანაირ შესაძლებლობას, რომ საქმე გააკეთოს და მისი საქმიანობის შედეგი იგრძნოს ხალხმა. სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, მაგრამ ზემო იმერეთს, ფაქტობრივად, ყველა გასაჭირი ერთად დაატყდა თავს. საჯარო სექტორი და საზოგადოება გათითოკაცებულად მოქმედებენ, კომუნიკაციის დეფიციტია. ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან, ხარაგაულში პოლიეთილენის ბოთლების შეგროვების მიზნით ცალკე ურნა გამოიყო, მაგრამ ნარჩენის გამტანი არავინ აღმოჩნდა. როცა დასუფთავების მანქანას საყოფაცხოვრებო ნარჩენი მიაქვს, პოლიეთილენის ბოთლებსაც მასთან ერთად ათავსებს ბუნკერში. საბოლოოდ ყველა სახის ნარჩენი ერთ ნაგავსაყრელზე და ერთად ხვდება. არ მესმის, მაშ, რა აზრი ჰქონდა ცალკე ურნების განთავსებას, თუ ნარჩენი არ დახარისხდა?! ფაქტობრივად, ვერც ერთი პრობლემა ვერ მახსენდება, რაც შეიძლება მოგვარებულიყო. ინფრასტრუქტურა ცალკე საკითხია, რაც რეგიონის განვითარებას აფერხებს. სანამ კომუნიკაციის პრობლემა არ მოგვარდება, სარგებელი ადრესატამდე ვერასდროს მიაღწევს", - განაცხადა რუსუდან გურგენიძემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორის, ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში" გაიმართა. მხარეებმა მდგრადი განვითარების მიზნებზე ისაუბრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system