თავში

არჩევნების გავლენა მთავრობის დეპოზიტებზე

არჩევნების გავლენა მთავრობის დეპოზიტებზე
არჩევნების გავლენა მთავრობის დეპოზიტებზე

მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრების კლებას ფინანსური ბაზრის მკვლევარი, მეცნიერი ვახტანგ ხომიზურაშვილი საარჩევნო პროცესების გავლენას უკავშირებს. გარდა ამისა, როგორც ის report.ge-თან განმარტავს,დამატებითი ხარჯი გაწეულია ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებზეც, რაზეც ასევე დეპოზიტებზე არსებული რესურსის გარკვეული ნაწილი იხარჯება.

,,მთავრობას დასჭირდა ეს ფული, დიდი ალბათობით, არჩევნებთან დაკავშირებითმ რამაც მთავრობის დეპოზიტების კლება გამოიწვია. რეალურად არაფერი სხვა განსაკუთრებული არ ხდება, რის გამოც შეიძლებოდა ეს რეზერვი დახარჯულიყო, ცხადია ანტივირუსულ ღონისძიებებს თუ არ ჩავთვლით, აქაც ბევრი ფული იხარჯება და ნაწილი სწორედ ამ რეზერვებიდან მიიმართება. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს ბაზარზე ფულის მასის მატებას, რადგან ხარჯის დასაფარად არის გათვალისწინებული, ხოლო დამატებითი ფულის მასა მიდის ეკონომიკაში, რაც პირდაპირირ მოქმედებს ლარის კურსზე და ახდენს გაუფასურებას. სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკს მომავალშიც მოუწევს ინტერვენციების გატარება, რადგან დღესდღეობით სხვა გამოსავალი არ არის", - ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინფორმაციას, რომ ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი გაზარდეს, მისი აზრით, სადავო სტატისტიკაა, რადგან ეკონომიკა იმყოფება კრიზისში და ამ დროს დამატებითი სესხის მიღება ბიზნესისთვის მძიმე ტვირთია. მით უმეტეს მაშინ, როცა, მეცნიერის თქმით, პოლიტიკურადაც გაურკვეველი ვითარებაა და მოლოდინებიც ნეგატიური.

,,ეკონომიკური აქტივობა დაბალია და ამ მხრივ საკმაოდ დიდია პოლიტიკური პროცესების გავლენა, სანამ სიტუაცია არ დალაგდება და პოლიტიკური სტატუსი არ გამოიკვეთება, არც ერთი ინვესტორი არ მიიღებს გადაწყვეტილებას. ბიზნესი, რომელიც გადარჩა, ელოდება შედეგს, რომ თამაშის ახალი წესები შეიმუშავოს, რათა იცოდეს, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ იმოქმედოს", - ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი report.ge-თან.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის სექტემბრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სექტემბერში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 98.9 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1,189.6 მლნ ლარს გაუტოლდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 1,931.3 მლნ ლარით გაიზარდა და 35.88 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 21.1 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system