თავში

არიან თუ არა კონკურენტები კერძო და საჯარო სკოლები

არიან თუ არა კონკურენტები კერძო და საჯარო სკოლები
არიან თუ არა კონკურენტები კერძო და საჯარო სკოლები

რომელ სკოლაში სჯობს წაიყვანოს ბავშვი, მშობლისთვის ამ კითხვაზე სწორი პასუხის პოვნა, საჭირო დროს მარტივი არ არის. 

კარგი განათლების მისაღებად, საჯარო სკოლების გარდა, ქართველი მშობლები, კერძო სკოლებსაც მიმართავენ. 

საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით, სოფლებში, ამ მხრივ, ცოტა არჩევანია, არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სოფლის ბავშვები ერთ სკოლაში დადიან. 

განსხვავებულია ვითარება დიდ ქალაქებში, აქ მშობელს შეუძლია რამდენიმე საჯარო სკოლიდან სასურველის არჩევა, ან თუ ეკონომიკურად შესაძლებლობა აქვს, საკუთარი გემოვნებით შეუძლია არჩევანი გააკეთოს კერძო სკოლებს შორისაც. 

საქართველოში დღეს მოქმედი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, უხეშად რომ ვთქვათ, კატეგორიებად იყოფიან. ცალკე კატეგორიად გამოღოფას იმსახურებენ ძვირად ღირებული სკოლები (წელიწადში 5000$-დან 20000$-მდე), მეორე კატეგორიას - საშუალო ღირებულების მქონენი (3000-5000 ლარის ფარგლებში) და არსებობს უფრო ხელმისაწვდომი კერძო სკოლების კატეგორიაც, სადაც გადასახადი, თვეში 100 ლარიდან იწყება და წელიწადში 2000 ლარამდე ადის. კერძო სკოლის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას უამრავი ფატორი განაპირობებს, მათ შორის გადამწყვეტი სწავლის ხარისხის დონე და კომფორტული გარემოა.

 report.ge დაინტერესდა, რა არის საჭირო, კერძო სკოლის, როგორც ბიზნესის ამოქმედებისთვის. 

"კერძო სკოლა ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია. ხდება შემოწმება, რამდენად არის შესაბამისობაში, კერძო დაწესებულების სასწავლო გეგმა და გარემო, ამის შემდეგ კი მათ ენიჭებათ ავტორიზებულის სტატუსი, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, აიღონ სკოლის ატესტატი," - გვითხრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, დავით კობახიძემ.

საქართველოში მოქმედი 2085 საჯარო სკოლის დაფინანსების ძირითადი, თუ არა ერთადერთი წყარო, თითოეულ მოსწავლეზე გაცემული ვაუჩერია. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ძვირია კერძო სკოლაში სწავლა, განათლების სამინისტრო მოსწავლეების დაფინანსებას თანაბრად ახდენს. გამოდის, რომ არსებული კანონმდებლობით კერძო სკოლა, გარდა მოსწავლეეების მშობლების მიერ გადახდილი ათასობით, ან ათობით ათასი ლარისა, ვაუჩერის სახით, დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც. ასეთ პირობებში, რთული წარმოსადგენი არ არის, კონკურენციის რა შანსი რჩება საჯარო სკოლის გარემოს, კერძო სკოლასთან.

"კარგი იქნება თუ კერძო სკოლების სისტემა განვითარდება და ეტაპობრივად მოხდება საჯარო სკოლების ჩანაცვლება, რადგან კერძო სკოლაში ბევრად მარტივია მოითხოვო ხარისხი, საჯარო სკოლაში კი დირექტორი ბევრს ვერაფერს წყვეტს, რადგან სრულად არის დამოკიდებული სახელმწიფო სტრუქტურაზე" - განაცხადა report.ge-სთან საუბრისას "ახალი ეკონომიკუერი სკოლის" პრეზიდენტმა, პაატა შეშელიძემ.  

კერძო სკოლების მიმართ მოთხოვნა მზარდია. ძირითადი მიზეზი, რის გამოც უარს ამბობენ სახელმწიფო სკოლაზე,სწავლების დაბალი ხარისხია.

"ბავშვები რომ საჯარო სკოლაში მიმეყვანა, განათლების დაბალი დონე იქნებოდა, კერძო სკოლა ამ მხრივ უკეთესია, თუმცა, უფრო მეტს ვითხოვ. 2 მოსწავლის დედა ვარ და სწავლაში თითო ბავშვზე 1200 დოლარს ვიხდი, ამაში ერთჯერადი კვებაც შედის, არ შედის ტრანსპორტირების თანხა და ამაში დამატებით თანხას ვიხდით. სკოლას აქვს სხვადასხვა წრეები, თუმცა მომსახურება ფასიანია და ამიტომ მე ნაკლებად ვსარგებლობ. საჯარო სკოლაში განათლების მიღების ნაკლები შანსი აქვს ბავშვს, ამიტომ არ გავრისკე," - უთხრა report.ge-ს თამთა აფრიდონიძემ. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 300-მდე კერძო სკოლა მოქმედებს. რამდენად სამართლიანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თანაბარი "ზრუნვით", ვაუჩერი ეძლეოდეს მოსწავლეს, რომელიც არ სარგებლობს საჯარო სკოლის მომსახურებით და განათლების მისაღებად, არც თუ მცირე თანხის გადახდა უწევს, ამაზე განათლების სამინისტროს პასუხი არ აქვს. 

მშობელი, რომელსაც ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არჩევანი არ აქვს, საჯარო სკოლაში უშვებს მოსწავლეს იმედით, რომ არსებული სწავლის სისტემა შეძლებს, კონკურენცია გაუწიოს კერძო სკოლას. უცნობია, როდის შეძლებს საჯარო სკოლა, იგივე პირობები და მომსახურების ხარისხი შესთავაზოს მოსწავლეს, როგორიც მოცემულ მომენტში, კერძო სკოლების დიდ ნაწილს აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system