თავში

აშშ-ში ექსპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21.4%-ით გაიზარდა

​აშშ-ში ექსპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21.4%-ით გაიზარდა
აშშ-ში ექსპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21.4%-ით გაიზარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21.4%-ით გაიზარდა და 3.93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.  ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) მონაცემებით, 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9.4%-ით შემცირდა. იმპორტის შემცირების პირობებში, საქართველო წინსვლას და იმპორტის ზრდას აგრძელებს, - აღნიშნულია ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) ინფორმაციაში.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგია ხორციელდება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე ბოლო 6 წელია სტაბილურად მზარდია.ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 912 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 34%-ით აღემატებოდა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია. ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, ამერიკის შეერთებული შტატები მე-8 ადგილს იკავებს.COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში დისტანციურ ფორმატებსა და სხვადასხვა ონლაინპლატფორმის გამოყენებით აგრძელებს.2020 წელს, არაერთი ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ მათთვის წინასწარ გაგზავნილი ღვინოები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

ცნობისთვის, ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ოთხი წლის განმავლობაში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-იან ზრდას ელის.

ქართული ღვინო მსოფლიო სპეცღვინოების ჩამონათვალშია.

ქართული ღვინო 2020 წლის საუკეთესო ხუთ ღვინოს შორისაა.

შეგახსენებთ, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ და მთავრობის გეგმით, წელს ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს. ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებით დადგენილი შაქრიანობა განსაზღვრავს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის.კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც.

ცნობისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოების მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტებში: „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ და „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.

ცვლილებები სხვადასხვა პარამეტრების თანაფარდობის განსაზღვრას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობის პარამეტრის განსაზღვრა.

ტექნიკურ რეგლამენტებში 2020 წელს შესული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის შედგენილობაში გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაფარდობის განსაზღვრას. ეს ადგენს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები ბუნებრივადაა თუ ხელოვნურადა დამტკბარი. ასევე მნიშვნელოვანია საქაროზას მაჩვენებელი ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებში, რაც ადგენს ღვინოში ხელოვნურად დასატკბობად იყო თუ არა გამოყენებული იყო შაქრისგან (საქაროზასაგან) მომზადებული სიროფი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system