თავში

აუდიტი: საქართველოში პენსიის მართვის სისტემა მოძველებულია

აუდიტი: საქართველოში პენსიის მართვის სისტემა მოძველებულია
აუდიტი: საქართველოში პენსიის მართვის სისტემა მოძველებულია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში მიხედვით, სააგენტოში პენსიების მართვისთვის დანერგილი საინფორმაციო სისტემა "პენსია 2005" მოძველებულია. აუდიტმა შეაფასა ინფორმაციული სისტემისა და პენსიის ადმინისტრირების პროცესის პროდუქტიულობა და ასევე პენსიის ადმინისტრირების პროცესში გამოყენებული მონაცემების უსაფრთხოება და პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრაქტიკა. გამოვლინდა, შემდეგი:

"სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემა („პენსია 2005“) მოძველებულია და ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს სხვა სისტემებთან ინტეგრაციას. სისტემა არ არის ცენტრალიზებული, რაც გულისხმობს, რომ იგი დამოუკიდებლად არის დაინსტალირებული ყველა სამუშაო სადგურზე (პერსონალურ კომპიუტერზე) და ერთმანეთს არ უკავშირდება. სხვადასხვა მომხმარებლის მიერ დამუშავებული მონაცემების ცენტრალიზება ხდება ხელით და საჭიროებს რამდენიმე ნაბიჯს. აღნიშნული მოიცავს როგორც ბაზების გაერთიანებას, ასევე ინფორმაციის გადამოწმებას (ვალიდაციას). შესაბამისად, დეცენტრალიზებული არქიტექტურის გათვალისწინებით, სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ბიზნესპროცესი არ არის პროდუქტიული და საჭიროებს ინტენსიურ ხელით შესრულებულ პროცესებს, რაც, თავის მხრივ, ზრდის მონაცემთა დამუშავების სიზუსტისა და სანდოობის რისკებს. ზემოაღნიშნული გამოწვეულია სააგენტოს არაერთგვაროვანი მიდგომით ინფორმაციული სისტემების განვითარების მიმართ. კერძოდ, სააგენტოს სისტემების კომპლექსურობისა და კრიტიკულობის გათვალისწინებით, სააგენტოს არ გააჩნია სტანდარტიზებული მიდგომა ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებით. სააგენტოს მფლობელობაში მყოფი ორი მსხვილი სისტემა − სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების სისტემა („პენსია 2005“) და საარსებო შემწეობის ადმინისტრირების სისტემა (SAESA) მნიშვნელოვნად განსხვავებული შესაძლებლობებისაა. „პენსია 2005“ მნიშვნელოვნად ჩამორჩება სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ მეორე სისტემას − SAESA-ს, ავტომატიზაციისა და უსაფრთხოების ხარისხით;

სააგენტო ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას. აუდიტის პერიოდში სააგენტოს არ ჰქონდა შესრულებული „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;

სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების სისტემის მოძველებული პლატფორმის გათვალისწინებით, სააგენტოს არ აქვს შეფასებული სისტემის უწყვეტობასთან დაკავშირებული რისკები და დანერგილი შესაბამისი კონტროლის მექანიზმები. აღნიშნული კონტროლები სააგენტოს საშუალებას მისცემდა წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ემოქმედა სისტემის ფუნქციონირების წყვეტის შემთხვევაში;

სახელმწიფო პენსიის მიმღებ უფლებამოსილ პირთა წრის განსაზღვრის პროცესში, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიღებას დაცული საკომუნიკაციო არხის საშუალებით;

სააგენტო ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით 69 რაიონულ ოფისში არსებული სამუშაო სადგურების უსაფრთხოების მინიმალურად დაცვას. კერძოდ, სამუშაო სადგურების მართვა ცენტრალურად არ ხორციელდება, რაც გულისხმობს მომხმარებლების უფლებების გაწერასა და მართვას, პაროლების პოლიტიკის გატარებას და ანგარიშების მართვას. ასევე, სამუშაო სადგურებზე დაყენებული მავნე კოდისგან დაცვის საშუალებების კონფიგურაცია არასათანადოა;

სააგენტო ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების პროცესში გამოყენებულ მონაცემებზე ეფექტიან კონტროლს. ქვეყნის მასშტაბით არსებულ რაიონულ ოფისებში სააგენტოს თანამშრომლებს დაშვება აქვთ იმაზე მეტ ინფორმაციაზე, ვიდრე ეს საჭიროა მათი ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად. ასევე, სააგენტოს არ გააჩნია ტექნიკური კონტროლები, რომელთა საშუალებითაც მიიღწეოდა არასანქცირებული მოქმედებების აღმოჩენა და პრევენცია. შესაბამისად, პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები სათანადო ხარისხით არ არის დაცული.

ცნობისთვის,საქართველოს მთავრობა ახალი კანონპროექტის მეშვეობით, პენსიის ოდენობის დადგენის ძირეულად ახალ მეთოდზე,პენსიების ინდექსაციაზე, გადადის. იცვლება პენსიის გაანგარიშების წესი: 
• 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;
• 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის - ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

ამ წესით გამოთვლილი პენსიის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე. შედეგად, 5 წლიან პერიოდში 70 წლის ასაკამდე პენსიონერების სახელმწიფო პენსია მიაღწევს მინიმუმ 320 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის სახელმწიფო პენსია მიაღწევს მინიმუმ 375 ლარს.

საქართველოში პენსიების გაცემის ადმინისტრირებას ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტო" ახდენს. 

2019 წლის განმავლობაში მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ჯამურმა ხარჯმა 1.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ბენეფიციართა (პენსიონერთა) რაოდენობამ კი 762,000-ს მიაღწია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system