თავში

ავტოიმპორტიორები ბანკებთან შუამავალს ითხოვენ

ავტოიმპორტიორები ბანკებთან შუამავალს ითხოვენ
ავტოიმპორტიორები ბანკებთან შუამავალს ითხოვენ

ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, ბანკებთან კომუნიკაცია მუდმივად რთულდება, რის გამოც ისინი შუამავალს ითხოვენ. დილერი ელგუჯა ჯამაგიძე report.ge-თან ამბობს, რომ ასეთი შუამავალი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო, რომელიც კერძო სექტორს ბანკებთან ურთიერთობაში დაეხმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ჯამაგიძე აღნიშნავს, ავტოიმპორტში დიდი პრობლემაა მოსალოდნელი.

,,გარკვეულ მოძრაობას ვიწყებთ, მაგრამ არის სირთულეებიც, რასაც დამოუკიდებლად ბიზნესი ვერ მოერევა. 4 აუქციონში უნდა მიმეღო მონაწილეობა. ბანკიდან  დავაპირე სესხის აღება. მკითხეს, 2020 წელს მიფიქსირდებოდა თუ არა მანქანების ჩამოყვანა. ცხადია, პანდემიური სიტუაციის გამო ვერ შევძელი იმპორტი და ეს გახდა მიზეზი, რომ სესხი არ დამიმტკიცდა კარგი საბანკო ისტორიის მიუხედავად. თუკი ბიზნესს ფულის დეფიციტი ექნება,  ვერ დადგება ფეხზე, ყველაზე მეტი პრობლემა ეს არის, რასაც დღესდღეობით იმპორტიორები ვაწყდებით. დიდი პარტიებით მინდა მანქანების ჩამოყვანა, რომ პანდემიურ პერიოდში ხშირად არ მიწევდეს ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ ფინანსებზე წვდომა არ გვაქვს, არ ჩანს ბანკების მხარდაჭერა, რაც ბიზნესს დიდ დაბრკოლებას უქმნის", - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე.

ის, რომ ბიზნესი ფულის დეფიციტს განიცდის, ცნობილია მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტ მიხეილ ჭელიძისთვის, რომელიც report.ge-თან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქეშის დეფიციტის გამო კომპანიები საქმიანობას ვერ აგრძელებენ და  ამ პრობლემას მთავრობის ჩარევის გარეშე ვერც მოერევიან.

,,მსხვილი ბიზნესი პანდემიურ მდგომარეობას როგორღაც უმკლავდება, რის საშუალებაც მცირე და საშუალო ბიზნესს არ აქვს. ეს ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ ქეშის დეფიციტია ქვეყანაში. რისკების გამო ბანკებმა შეაჩერეს სესხები ბიზნესზე, ამიტომ ფინანსურ რესურსზე ხელი ვერ მიუწვდებათ, ხოლო უსახსროდ დარჩენილ კომპანიებს არანაირი რესურსი არ აქვთ და კოტრდებიან. მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. სამთავრობო პროგრამებში აქტიურად უნდა ჩაერთოს ბიზნესი, სესხებზე წვდომა გაუმარტივონ, იაფი ფული გაჩნდეს, სხვა შემთხვევაში ბიზნესი ფეხზე ვერ დადგება და კრიზისი გარდაუვალია“, - ამბობს მიხეილ ჭელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system