თავში

ავტოიმპორტიორების გასაჭირი - 3 მოთხოვნა პრემიერს

ავტოიმპორტიორების გასაჭირი - 3 მოთხოვნა პრემიერს
ავტოიმპორტიორების გასაჭირი - 3 მოთხოვნა პრემიერს

„ახალი საქართველოს“ ლიდერი რუსთავის ავტობაზრობას ესტუმრა და ავტოიმპორტიორების პრობლემები პირადად მოისმინა. მან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 3 მოთხოვნა წარუდგინა, რომელზეც ხელმოწერების შეგროვებასაც აპირებენ.

"დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდნენ ძირითადი მყიდველები საქართველოში, მიეცით ე.წ. კოვიდ პასპორტი, რათა შემოვიდნენ ქვეყანაში და შეძლონ ავტომობილების შეძენა. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში," - ამბობს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და დასძენს, რომ მანქანების რეექსპორტი საქართველოსთვის იყო ასობით მილიარდის შემოსავლის შემომტანი. 

"დაახლოებით შვიდასი მილიარდი იყო ამ სფეროში ბრუნვა გასულ წელს. უმძიმეს ვითარებაში და მდგომარეობაშია ათასობით ადამიანი, ვინც ჩართული იყო ამ ბიზნესში, ეს არის როგორც რეექსპორტიორები, ასევე პროფილაქტიკები, სასტუმროები თუ სხვა ბიზნესი, რომელიც დაკავშირებული იყო ამ კონკრეტულ სექტორთან. ხელისუფლება კი კვლავ დუმს და არაფერს აკეთებს, ამიტომ სამი კონკრეტული მოთხოვნა, რომელსაც ვუყენებთ ბატონ გახარიას და დავიწყებ ამ საკითხზე ხელმოწერების შეგროვებას: 1- დაუყოვნებლივ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ 31 დეკემბრამდე გადავადდეს მანქანების განბაჟების დრო, იმიტომ რომ საზღვრები დაკეტეთ და შეუძლებელია დღეს რეექსპორტი განხორციელდეს ქვეყნიდან; 2 - გავრცელდეს ეს განბაჟების გადავადება იმ მანქანებზეც, რომლებიც შემოვიდა პირველი მაისის შემდეგ და 3 - დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, რომლიდანაც ძირითადად ჩამოდიოდნენ მანქანების მყიდველები, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას საზღვრები, წინააღმდეგ შემთხვევაში ათასობით ადამიანი ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზეა, ათიათასობით ოჯახი, დასაქმებული ადამიანი, რომელიც კონკრეტულ შემოსავალს ნახულობდა ამ ბიზნესიდან ან მასთან დაკავშირებული ბიზნესებიდან, ფაქტობრივად, ნულოვანი შემოსავლით არიან დატოვებულები და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები ძალიან მძიმე ვითარებაში ჩააგდებს საქართველო ეკონომიკას,“ - განმარტავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

მისი ტქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის საქართველოში ყველა ეკონომიკურ სექტორს მიზანმიმართულად ანულებს.

„კიდევ ერთხელ მივმართავ გახარიას და მინდა ვუთხრა, რომ თქვენი ფუნქცია მარტო კაბინეტში ჯდომა და კაბინეტიდან კეკლუცი კი არ არის, ხალხს მიხედეთ, პრობლემებზე იმუშავეთ. გუშინ ვიყავი მანქანების ავტო ბაზრობაზე და არცერთი თქვენი წარმომადგენელი იქ მისული არ ყოფილა და არ გაუვლიათ ამ ადამიანებთან, თუ რა პრობლემები აქვთ. როგორ შეიძლება რომ მოგვარდეს ეს პრობლემა, ხომ არ შეიძლება, რომ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის ფაქტობრივად, გაანულოთ ყველა ეკონომიკური სექტორი საქართველოში. როგორც ჩანს, ივანიშვილი და გახარია პირდაპირ ებრძვიან საშუალო ფენას ქვეყანაში, იმიტომ, რომ ფიქრობენ უშემოსავლოდ, მშიერად დატოვებული ადამიანების მართვა უფრო მარტივი იქნება არჩევნებზე, მაგრამ ეს არის ცეცხლთან თამაში და თქვენ ეს არ გამოგივათ, იმიტომ რომ უკიდურესად მძიმე ვითარებაში მდგომი ხალხი თქვენ მოგაკითხავთ და თქვენგან მოითხოვს პასუხს ამ საკითხებთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდნენ ძირითადი მყიდველები საქართველოში. მიეცით ე.წ. კოვიდ პასპორტი, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული ჯანმრთელობის კუთხით - ეპიდუსაფრთხოება, რათა შემოვიდნენ ეს ადამიანები ქვეყანაში და შეძლონ ავტომობილების შეძენა. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში,“ - ამბობს ვაშაძე.

ცნობისთვის, პირველ მაისამდე შემოყვანილი მანქანების დეკლარირების ვადა გახანგრძლივდა პირველ სექტემბრამდე. მთავრობის გადაწყვეტილებით, საბაჟო დასახადი 38 ათას ავტოიმპორტიორს გადაუვადდა, რაც ჯამში, მთავრობის მხრიდან 50 მილიონი ლარის შეღავათს, გადავადებას, გულისხმობს.

ავტოიმპორტიორების განმარტებით, მანქანებზე მოთხოვნის კრიტიკულად შემცირების გამო ავტომობილები 10%-ით გაიაფდა.

კორონავირუსის უარყოფითი გავლენა იზრდება ევროკავშირის საავტომობილო ბაზარზეც. მაისში ევროკავშირში მხოლოდ 581 161 ახალი ავტომობილი გაიყიდა, რაც ევროპელ ავტომწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 52,3%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტად ავტომობილების გაყიდვა ესპანეთში (-72,7%), საფრანგეთში (-50,3%), იტალიასა (-49,6%) და გერმანიაში (-49,5%) შემცირდა.

2020 წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს 41,5%-ით ჩამორჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system