თავში

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ახალი კანონპროექტი მომზადდა

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ახალი კანონპროექტი მომზადდა
აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ახალი კანონპროექტი მომზადდა

დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის განახლებული ვერსია მოამზადა და 21 ოქტომბერს დაარეგისტრირა.ახალი ვერსიით, სრულად იკრძალება ნებისმიერი სახის აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა. 

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის პირველადი ვერსიით, რომლის განხილვაზეც პარლამენტმა უარი თქვა, იკრძალებოდა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტულ ორგანიზაციებში, ასევე იკრძალებოდა გარე რეკლამა აღნიშნული დაწესებულებებიდან 100 მეტრის რადიუსში.

„ამ ახალი, შეცვლილი კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სრულად იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების ნებისმიერი სახის რეკლამა. სატელევიზიო, ბეჭდური, ინტერნეტით, ნებისმიერი სახის ტრანსპორტზე, სახმელეთო, საჰაერო, თუ გარე რეკლამა. არანაირი 100 მეტრის მოშორებით, სრულად იკრძალება“, -განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის თმით, აუცილებლად უნდა აიკრძალოს აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა, რადგან საზოგადოებაში აღარ აღიქმებოდეს ისე, როგორც ტრენდი და მოდა.

„რეკლამის აკრძალვას აქვს შორს მიმავალი თავისი გეგმა. ყველაზე მთავარი, რასაც ამით ვაკეთებთ, ჩვენ ვურტყამთ ტრენდს. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო აკრძალავს აზარტული თამაშების რეკლამას, ამით იტყვის, რომ თამაში ცუდია და ის არ გაიყიდება, ისე როგორც კარგი პროდუქტი. ამასთან, ჩვენი მთავარი დასაცავი ობიექტი არის არასრულწლოვნები. რეკლამის აკრძალვით უნდა დავიცვათ ის სოციალური ფონი, რომელიც ქვეყანაში ძალიან დამძიმდა.

ცნობისთვის, 2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,05 მილიარდი იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებლი 13,806 მილიარდამდე გაიზარდა. ვაჭრობის შემდეგ სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა საგრძნობლად უსწრებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და სხვა.

ამასთან, 2018 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 86,6 მლრდ ლარი შეადგინა, სათამაშო ბიზნესის წილი კი ამაში თითქმის 16%-ს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system