თავში

აზერბაიჯანი და თურქმენეთი დოსტლუკში თანამშრომლობას გეგმავენ

აზერბაიჯანი და თურქმენეთი დოსტლუკში თანამშრომლობას გეგმავენ
აზერბაიჯანი და თურქმენეთი დოსტლუკში თანამშრომლობას გეგმავენ

თურქმენეთის პრეზიდენტმი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი შეხვდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს როვნაგ აბდულაიევს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ნავთობისა და გაზის მრეწველობაში თანამშრომლობის საკითხები, ასევე დოსტლუკის საბადოზე თურქმენეთი-აზერბაიჯანის ერთობლივი საქმიანობის სამომავლო უპირატესობები. ცნობისთვის, დოსტლუკის საბადოზე ნახშირწყალბადების რესურსების ერთობლივ კვლევაზე აზერბაიჯანი და თურქმენეთი შეთანხმდნენ 2021 წლის 21 იანვარს, როცა მხარეებმა გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს დოკუმენტი ხსნის ერთობლივი მუშაობის ახალ პერსპექტივებს, რაც უზრუნველყოფს ორივე ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ხელსაყრელ პირობებ, ეროვნული ეკონომიკის გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუმჯობესებას.

შეხვედრაზე განიხილეს თურქმენული მხარის მიერ ინიცირებული TAP-ის გაზსადენის პროექტის მნიშვნელობა. 

SOCAR– ის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვის ინიციატივებს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა, რადგან ის მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეების  საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, საექსპორტო გზების დივერსიფიკაციას და ენერგორესურსების უსაფრთხო და საიმედო ტრანზიტისთვის აუცილებელი პირობების შექმნას მსოფლიო ბაზრებზე.

SOCAR- ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი აშხაბადში 12 მაისს ჩავიდა თურქმენეთის ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

თურქმენული მხარის შეფასებით, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის მიერ კასპიის ზღვაში დოსტლუკის ("დრუჟბას") საბადოების განვითარება საშუალებას მისცემს ბუნებრივი გაზის ექსპორტს დასავლეთში. თურქმენეთიდან ევროპის ქვეყნებში "ლურჯი საწვავის" ექსპორტი შესაძლებელი გახდება ტრანსკასპიური გაზსადენით, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება დაკავშირებული იყოს სამხრეთ გაზის დერეფანთან, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი გადის ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოსა და თურქეთის გავლით. ანუ თურქმენეთი ნახშირწყალბადების რესურსის ექსპორტს ევროპაში გაზის სამხრეთ კორიდორით გეგმავს. 

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა აზერბაიჯანი-თურქმენეთის თანამშრომლობის განვითარების ახალ შესაძლებლობად დაასახელა სამხრეთ გაზის დერეფანი (SGC), რომლითაც ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა მოახერხა ბუნებრივი გაზის ექსპორტი ევროპის ბაზრებზე. SOCAR-ი თურქმენეთს რეგიონის ენერგოდერეფნებს სთავაზობს. 

TANAP-ი წყალბადის ტრანსპორტირებისთვისაც მზადაა. ვარაუდობენ, რომ მომავალში 20% წყალბადის შემცველმა ნარევმა შეიძლება გაიაროს TANAP– ში. მწვანე წყალბადის ექსპორტს TAP-ით საბერძნეთიც აპირებს.

ცნობისთვის, TANAP–ით წყალბადის შემცველი ნარევის ექსპორტის დაწყება "აწყობს" საქართველოსაც, რადგან ამით ქვეყანას გაეზრდება გაზის სამხრეთ კორიდორით ტრანზიტიდან სარგებელი, მით უმეტეს, რომ მწვანე წყალბადის განვითარების სტრატეგიას საქართველოც ამუშავებს. საქართველომ წყალბადის ეკონომიკის განვითარების კურსი აიღო, რომლის საფუძველი „მწვანე“ წყალბადია. ქვეყნის მთავრობამ შეთანხმებას უკვე მოაწერა ხელი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან. EBRD-ი საქართველოს დაეხმარება ქვეყნის საჭიროების შეფასების ტექნიკურ კვლევასა და ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის წარმოებაში. ასევე, არსებული აქტივების მოდერნიზაციაში. ტექნიკური თანამშრომლობა რამდენიმე წელს გაგრძელება, რის შემდეგაც პოტენციური ინვესტიციების ვადები განისაზღვრება. საქართველო "მწვანე“ წყალბადის წარმოების გლობალურ პროცესს უერთდება.

შეგახსენებთ, მწვანე წყალბადის წარმოება ელექტროენერგიის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტის ინფორმაციით, 3500 კილომეტრიანი სამხრეთ გაზის დერეფნის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $ 33 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ ენერგოდერეფანმა მოიცვა 7 ქვეყანა და დააკავშირა კასპიის რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან. როვგან აბდულაევის შეფასებით, სამხრეთ გაზის დერეფანს უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაში.

მიმდინარე წლის აპრილში ტრანს-ადრიატიკის მილსადენმა (TAP) 42% -ით მეტი გაზი გადაიტანა, ვიდრე მარტში. აპრილში, აზერბაიჯანიდან ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის (TAP) საშუალებით მომარაგება აზერბაიჯანიდან 77% -ით გაიზარდა. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე კიპოის შესასვლელი პუნქტიდან ყოველდღიურად 26 მილიონ კუბურ მეტრამდე მიწოდება ხდება. გაზის უმეტესი ნაწილი იტალიაში მიდის. გასულ კვირას იქ დღეში დაახლოებით 22 მილიონი კუბური მეტრი მიწოდება ხდება, ხოლო საბერძნეთში დაახლოებით 4 მილიონი კუბური მეტრი.

TAP-ს შაჰ დენიზის საბადოდან ბუნებრივი გაზი ევროპაში გადააქვს. კიპოის 878 კმ სიგრძის მილსადენი თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან უკავშირდება ტრანსანატოლიის მილსადენს და გადის საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით სამხრეთ იტალიამდე. 2020 წლის 31 დეკემბრიდან, ანუ ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების დაწყების პირველი დღიდან, დღემდე ტრანსადრიატიკული მილსადენით, TAP– ით, ტრანსპორტირებულია 10,9 მილიონი კუბური მეტრი გაზი. TAP- ის აქციონერები არიან SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%).

გაზის სამხრეთ დერეფანი და გაფართოვდება და საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) - 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს. უნგრეთი აზერბაიჯანული გაზის მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. "ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა," - ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.

2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. ეს ფაქტი ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება. ქართული მხარისთვის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ფაქტორებთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გაზის სამხრეთი კორიდორის პოლიტიკური ეფექტი: თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა, ანუ ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში, ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system