თავში

აზერბაიჯანი საქართველოსთვის დიზელის უმსხვილესი მომწოდებელია

აზერბაიჯანი საქართველოსთვის დიზელის უმსხვილესი მომწოდებელია
აზერბაიჯანი საქართველოსთვის დიზელის უმსხვილესი მომწოდებელია

აზერბაიჯანი საქართველოსთვის დიზელის უმსხვილესი მომწოდებელია. გასულ წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირდა  214,9 ათასი ტონა - 19,4% დიზელი, რაც 44,7 ათასი ტონით ანუ 26,3%-ით მეტია 2019 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილი დიზელის მოცულობაზე. 

ამის შესახებ report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს. 

ბიზნესგაერთიანების განმარტებით, გასულ წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1106 ათასი ტონა.

2020 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1106 ათასი ტონა, რაც 10 ათასი ტონით ანუ 0,9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან (1096 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2020 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 540,4 ათასი ტონა (კლება გასული წლის მაჩვენებელთან - 544,3 ათასი ტონა - შედარებით 3,9 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 565,6 ათასი ტონა (მატება გასული წლის მაჩვენებელთან - 551,7 ათასი ტონა - შედარებით 13,9 ათასი ტონით ანუ 2,5%-ით).

2020 წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 342,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31%-ს შეადგენს (ზრდა გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით - 329,9 ათასი ტონა - 12,9 ათასი ტონით ანუ 3,9%).

შემდეგ მოდიან:

აზერბაიჯანი - 214,9 ათასი ტონა - 19,4% (ზრდა 44,7 ათასი ტონით ანუ 26,3%),

რუმინეთი - 206,9 ათასი ტონა - 18,7% (კლება 93,1 ათასი ტონით ანუ 31%),

ბულგარეთი - 112 ათას იტონა - 10,1% (მატება 19,6 ათასი ტონით ანუ 21,2%);

თურქმენეთი - 104,7 ათასი ტონა - 9,5% (კლება 14,7 ათასი ტონით ანუ 12,3%),

საბერძნეთი - 45 ათასი ტონა - 4,1% (კლება 15,7 ათასი ტონით ანუ 25,9%),

ყაზახეთი - 41,5 ათასი ტონა - 3,7% (მატება 39,6 ათასი ტონით ანუ 2084,2%),

თურქეთი - 16,6 ათასი ტონა - 1,5% (კლება 3,2 ათასი ტონით ანუ 16,2%),

მოლდოვა - 10,6 ათასი ტონა - 0,9% და სხვა.

"აზერბვაიჯანიდან მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება და ის ამ პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია”, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

დიზელის საწვავზე ევრო5-ის სტანდარტის ვალდებულება 1 წლით გადავადდა. დიზელის ხარისხობრივ ნორმად ევრო-5-ის ვალდებულება მეორედ გადავადდა. ის 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში გაირკვა, რომ მიმდინარე წელს ვერ მოესწრო აზერბაიჯანში ახალი სისტემის დანერგვა, რადგან ქვეყანაში პანდემიაა და ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების ვადამ გადაიწია 2021 წლის ბოლომდე. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება მთავრობის ახალი დადგენილების 1 წლით გადავადების საკითხი, რომ აზერბაიჯანიდან დიზელის იმპორტს საფრთხე არ დაემუქროს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ოქტომბერშივე აცხადებდა, რომ თუკი 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი ქვეყანა ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც დღეს ახორციელებენ იმპორტს, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება, იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

კითხვაზე, თუ რამ განაპირობა დიზელის საწვავის ზრდა აზერბაიჯანიდან, ნავთობიმპორტიორთა კავშირის აგვიხსნეს, რომ აზერბაიჯანული საწვავის, განსაკუთრებით, დიზელის იმპორტი გაზრდილია სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამის გააქტიურების გამო, ასევე აღურიცხავი და კონტრაბანდული დიზელის საწვავის კონტროლის გამკაცრების გამო.

შეგახსენებთ, ნავთობიმპორტიორთა კავშირს დიდი ხანია აქვს ეჭვი, რომ ქვეყანაში ხდება აღურიცხავი დიზელის საწვავის რეალიზაცია. ბოლო 2 თვეში 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.

აღურიცხავი დიზელის იმპორტი განსაკუთრებულად ხშირია აზერბაიჯანიდან. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამის მიზეზად ფასთა სხვაობას მიიჩნევს და ამბობს, რომ მეზობელ რეგიონში დიზელი 1,10 ლარად იყიდება, როცა ფასი საქართველოში 2 ლარს აჭარბებს. ამდენად, ცდუნება დიდია, რადგან ფასი კონტრაბანდას ასტიმულირებს.

რაც შეეხება, აგროდიზელის სახელმწიფო პროგრამას, მასში ჩართულია "სოკარი". ბოლო მონაცემებით, ფერმერებმა "სოკარის" დიზელზე 5.2 მლნ ლარზე მეტი თანხა დაზოგეს. დიზელს შეღავათიან ფასში ფერმერებს "სოკარი" აწვდის. კომპანია აგროდიზელის პროგრამით კმაყოფილია. კომპანია ფერმერებს სპეც.პირობებს სთავაზობს და ამისთვის ბიუჯეტის ფული არ იხარჯება.

როგორ აღმოჩნდა "სოკარი" აგროდიზელის პროგრამაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა. ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს გამოცხადებულ ღია კონკურსში "სოკარმა" საუკეთესო პირობები დადო, რის გამოც სამინისტრომ მისი პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system