თავში

აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან საქართველოში ვიზიტები შემცირდა

აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან საქართველოში ვიზიტები შემცირდა
აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან საქართველოში ვიზიტები შემცირდა

საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით, საქართველოსთვის სომხეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

გამონაკლისი არც ტურიზმია, რადგან მოგზაურები შორეულ ქვეყნებში წასვლამდე, როგორც წესი, ცდილობენ, მეზობლად მყოფი ეგზოტიკური და საინტერესო ადგილები მოინახულონ. ამიტომაც საქართველო, როგორც რეგიონისთვის და არამარტო რეგიონისთვის, ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა, არასდროს უჩიოდა სომეხი და აზერბაიჯანელი ვიზიტორების სიმცირეს. უფრო მეტიც, აზერბაიჯანთან ჩვენს ქვეყანას საერთო ტურისტული გეგმებიც კი ჰქონდა. ორი ქვეყანა 2020 წელს ერთობლივ ტურისტულ სვლას გეგმავდა. მათ ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გაუკვეველი ვადით გადადო.

კორონავისრუსის გარდა, საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტურიზმის შემაფერხებელ კიდევ ერთ ფაქტორად სახელდება აზერბაიჯან- სომხეთის ყარაბაღის ომი, რომელიც, დაახლოებით, თვენახევარი მიმდინარეობდა (27 სექტემბერი-9 ნოემბერი) და სულ რაღაც 4 დღის წინ დასრულდა. 

report.ge დაინტერესდა რა გავლენა იქონია ამ ორმა ფაქტორმა, პანდემიამ და ყარაბაღის ომმა, საქართველოში სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ საერთაშორისო ვიზიტებზე. აღმოჩნდა, რომ ვიზიტების მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, ეს ორი ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტების ოდენობით მაინც ტოპ ხუთეულშია. უფრო კონკრეტულად:  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში 49 712 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 92.5 პროცენტით ნაკლებია.

ყველაზე მეტი რაოდენობის საერთაშორისო ვიზიტორი ქვეყანას სამეზობლოდან ეწვია, ესენია: თურქეთი, სომხეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი.

წელს საქართველოს სომხეთიდან უფრო მეტი სტუმარი ეწვია, ვიდრე აზერბაიჯანიდან. წლიურ ჭრილში ვიზიტების ოდენობაც პროცენტულად აზერბაიჯანიდან მეტადაა შემცირებული, ვიდრე სომხეთიდან. 

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა 3 924 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,7%-ია. ამავე პერიოდში საქართველოში საერთასორისო ვიზიტი სომხეთიდან განახორციელა  9 428 ვიზიტორმა და კლება წინა წელთან -92,2%-ს გაუტოლდა. 

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს აზერბაიჯანიდან ეწვია 3 964 საერთაშორისო ვიზიტორი. გასული წლის, 2019 წლის სექტემბერში კი - 145 485 საერთაშორისო ვიზიტორი. ანუ 2020 წლის სექტემბერში ამ ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორების კლება წლიურ ჭრილში 97,3%-ითა და 141 518 ვიზიტორით შემცირდა.

რაც შეეხება სომხეთს, ამ ქვეყნიდან წელს სექტემბერში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტით შემოვიდა 9 770 ადამიანი ხოლო შარშან სექტემბერში 128 670. კლება წლიურ ჭრილში 118 900 ვიზიტორს, ანუ 92,4%-ს გაუტოლდა.

ტურიზმის სფეროს ექსპერტების განმარტებით, სომხეთ-აზერბაიჯანის ომმა რეგიონის ტურისტული იმიჯი შელახა, თუმცა ახლა, როცა ეს კონფლიქტი დასრულებულია, პანდემიის კლების შემთხვევაში საქართველოს და კავკასიის საინტერესო რეგიონს აქვს პოტენციალი სწრაფად დაიბუნოს "შეშინებული" ტურისტების ნაკადი.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 9 ნოემბერს კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიანი ყარაბაღი კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი 2020 წლის ზაფხულშიც, 12 ივლისსაც, გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ყველაფერს იმის შესახებ, თუ რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა ყარაბაღის ომს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკაზე, გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკას

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system