თავში

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი ისევ გაიაფდა

​აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი ისევ გაიაფდა
აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი ისევ გაიაფდა

2021 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამში შეადგინა 413.7 მილიონი კილოვატ/საათი. აქედან 258 მილიონი კილოვატ/საათი რუსეთიდან შემოვიდა, 148.8 მილიონი კილოვატ/საათი აზერბაიჯანიდან და 6.9 მილიონი კილოვატ/საათი თურქეთიდან. ამის შესახებ report.ge-ს კომპანია "ელგრინიდან" აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტი - 258 მილიონი კილოვატ/საათი სრულად მოხმარდა დე ფაქტო აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებას და არც „ესკოს“ და არც სახელმწიფო ბიუჯეტს ამაში თანხა არ გადაუხდია.

"თებერვალში რუსეთიდან იმპორტის ესკოსთვის შეთავაზებული ფასი იანვართან შედარებით შემცირდა და შეადგინა ღამით 3.5, უქმე დღეებში 3.7, ხოლო დღისით 7.8 ცენტი. თურქეთიდან იმპორტის საშუალო ფასი მოთხოვნილი გრაფიკებით შეადგენდა 4.595 ცენტს. რაც შეეხება „ელგრინის“ მიერ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასო წინადადება იყო შემდეგი - სტაბილური ფასი 4.4 ცენტის ოდენობით. აღსანიშნია, რომ თებერვლის შესყიდვამდე გადაწყვეტილების მიღებისას „ესკო“ ასევე იხილავდა რუსეთიდან და თურქეთიდან ერთდროულ იმპორტსაც, როგორც აზერბაიჯანიდან იმპორტის ალტერნატივას. ამ მომენტმა კიდევ უფრო განამტკიცა მოსაზრება, რომ ამ ბოლო თვეებში ელექტროენერგიის იმპორტის საქართველოს ბაზარზე „ელგრინის“ და აზერბაიჯანის კონკურენტი სწორედ თურქეთია და არა რუსეთი. ეს კონკურენციაც იყო იმ გადაწყვეტილების ინსპირაცია, რომ ელგრინმა თებერვალში ესკოს შესთავაზა ყველაზე მომხიბვლელი საფასო წინადადება, ანუ საკონტრაქტო ფასი - სტაბილური 4.4 ცენტი," - განუმარტეს კომპანიაში report.ge-ს.

მათივე კალკულაციით, იანვარში „ელგრინის“ ფასი იყო 3,9/3,9/5,4, თებერვალში იგი კიდევ უფრო გაიაფდა და შეადგინა 4,4 /4,4 / 4,4.

"გადაწყვეტილების მიღების დროს „ესკომ“ აგრეთვე გაითვალისწინა, რომ თებერვალი ზვავსაშიში პერიოდია და რუსეთიდან მაღალი ძაბვის 500 კილოვოლტიანი ხაზით იმპორტი ძალიან სარისკოა. აზერბაიჯანიდან „ელგრინის“ მიერ იმპორტირებული 148.8 მილიონი კილოვატ/საათიდან ნაწილი, კერძოდ - 22.9 მილიონი კილოვატ/საათი მიეწოდა პირდაპირ მომხმარებლებს, ხოლო 125.9 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტი განახორციელა ესკომ. რაც შეეხება თურქეთიდან მოწოდებულ ენერგიას 6.9 მილიონი კილოვატ/საათის ოდენობით, იგი თებერვლის ბოლოს განხორციელდა ავარიულ რეჟიმში გაცვლის პრინციპით და ელექტროენერგიის ეს მოცულობა დაუბრუნდა თურქეთის ენერგოსისტემას მარტის პირველ ნახევარში," - განუმარტეს report.ge-ს "ელგრინში". 

კომპანია „ელგრინი“ მომავალშიც შეეცდება ელექტროენერგიის იმპორტის ქართულ ბაზარზე ყველაზე მისაღები საფასო პოლიტიკით ოპერირებას და როგორც აღვნიშნეთ, გაწეული სამუშაოს შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ტრადიციულ სახეს მისცემს. "ელგრინის" საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საქართველოს ენერგოსისტემისთვის აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეთავაზებაა. ამდენად, ჩვენს ვალდებულებად მიგვაჩნია, გარკვეული პერიოდულობით, საქართველოს საზოგადოებას შევთავაზოთ ანგარიში ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით.

იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროებას ითხოვენ. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციურ პოლიტიკური ძალები ააქტიურებენ კითხვებს, თითქოს ზერბაიჯანიდან დენის იმპორტი პოლიტიკურია და ფასიც მაღალია. მათივე მტკიცებით, “ელ გრინს” ეძლევა უფრო მაღალ ფასად ელექტროენერგიის შემოტანის შესაძლებლობა, რადგან სახელისუფლებო გუნდიდან ვიღაც წილშია და სწორედ ამიტომ გახდა ელექტროენერგიის იმპორტში დომინანტი აზერბაიჯანი. ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, ბიზნესმენ, უჩა მამაცაშვილთან, კავშირში მყოფი კომპანია შუამავალია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის ელექტროსისტემას შორის, რაშიც მამაცაშვილის კომპანია წლიურად 9 მილიონ დოლარს იღებს. ამაზე განმარტებები ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, რამდენჯერმე მოუწია. მისი თქმით, აზერბაიჯანული ელექტროიმპორტი რუსული დენის ალტერნატივაა და იმპორტის ღირებულებაც წლების მანძილზე მცირდება. მინისტრის მტკიცებით, დენის იმპორტში არცერთი მეზობელი ქვეყანა არ არის დომინანტი. ნათია თურნავამ ამ ბრალდებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან დენის იმპორტთან უჩა მამაცაშვილი კავშირში არ არის.

საქართველო ელექტროენერგიას რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან ყიდულობს.

2020 წელს საქართველომ ყველაზე მეტი დენი აზერბაიჯანისგან იყიდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 45%-ს უტოლდება. კილოვატ საათი თურქული ელექტროენერგიის იმპორტში საქართველომ შარშან 3 ცენტი გადაიხადა. ამ ქვეყნიდან საქართველომ შარშან ჯამში 313,100,000 კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, რაც ჯამში 13,564,140 აშშ დოლარი დაჯდა. შარშან საქართველომ რუსეთისგან ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3 ცენტად შეიძინა. ქვეყანამ გასულ წელს ჩრდილო მეზობლისგან ჯამში 570,600,000 კილოვატ საათი დენი იყიდა, რაშიც 14,553,200 დოლარი გადაიხადა.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის იმპორტის წყროების დივერსიფიკაციაზე საქართველო წლების განმავლობაში მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ახლა საქართველო ბევრად უფრო ენერგოდამოუკიდებელია, ვიდრე 2012 წელს, როცა 90% ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის მოდიოდა რუსეთზე და დენი საქართველოში “ინტერ რაოს” შემოჰქონდა. ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ეს "ქართული ოცნების" მთავრობამ შეცვალა და უკვე შარშან საქართველოში დენის იმპორტის მთავარი წყარო აზერბაიჯანი გახდა. საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი, ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო კომპანია “ელ გრინში” აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტსა და აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს კურირებს, აცხადებს, რომ უსაფუძვლოა ეჭვები, თითქოს აზერბაიჯანიდან დენის იმპორტში კორუფციული სქემა მუშაობს.

რატომ ანიჭებს უპირატესობას საქართველო აზერბაიჯანულ დენს, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system