თავში

აზერბაიჯანსა და სომხეთთან დამაკავშირებელი გზები შეკეთდება

აზერბაიჯანსა და სომხეთთან დამაკავშირებელი გზები შეკეთდება
აზერბაიჯანსა და სომხეთთან დამაკავშირებელი გზები შეკეთდება

ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, EIB-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში დაეხმარება. საქმე ისაა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს გამოუყოფს 106.7 მილიონი ევროს სესხს საერთაშორისო მნიშვნელობის ორი საგზაო მონაკვეთის, ალგეთი-სადახლოს 30-კილომეტრიანი და რუსთავი-წითელი ხიდის 32-კილომეტრიანი გზების, განახლებისთვის. ამ მაგისტრალებით საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს უკავშირდება. ამ მონაკვეთების პროექტები უკვე არსებობს, გზების დეპარტამენტი მალე გამოაცხადებს ტენდერებს მშენებლობასა და ზედამხდველობაზე, გამოვლინდება გამარჯვებული და დადგინდება ვადები. ამ ეტაპზე სამინისტროში უფრო მეტი კონკრეტიკა უჭირთ. 

“ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ახლადდამტკიცებული ალგეთი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთების დაფინანსების პროექტით იზრდება ამ უწყების დახმარება ქვეყნისადმი. ასევე, საგზაო კავშირის გამყარება ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანთან. უღრმესი მადლიერება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ევროპის საინვესტიციო ბანკის მთელი გუნდისადმი უწყვეტი მხარდაჭერისა და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის”, - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, EIB-ის მიერ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ამ დრომდე 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია არის განხორციელებული.

"სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის ორივე მონაკვეთის განახლების შედეგად სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი თანამედროვე და უსაფრთხო გზა იარსებებს. ამავე გზით მოხდება მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირება. ამასთანავე, ორივე მონაკვეთი საცხოვრებელ პირობებსა და სამეწარმეო გარემოს გააუმჯობესებს ქვეყანასა და რეგიონში,“ - განმარტავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system