თავში

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2.5-მილიონიანი გრანტი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2.5-მილიონიანი გრანტი დაუმტკიცა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2.5-მილიონიანი გრანტი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB), კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე საპასუხო ნაბიჯების ხელშესაწყობად, საქართველოსთვის 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაამტკიცა. კორონავირუსის საგანგებო დახმარების საგრანტო პროექტის ADB-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდის (APDRF) მიერ ფინანსდება, იაპონიის მთავრობის ფინანსური მონაწილეობით და გამოყენებული იქნება პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მისაწოდებლად. 

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბოლო თვეებში „COVID-19“-ის სწრაფი გავრცელების გამო განსაკუთრებულ ზემოქმედებას განიცდის. გრანტი საქართველოს დაეხმარება საპასუხო ქმედებების განხორციელებაში. ის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელშესაწყობად, აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე დახმარების ნაწილია, სოციალური დაცვისა და მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა შეინ როზენტალმა, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში.

გრანტი ADB-ის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას კორონავირუსის უარყოფითი შედეგების სამართავად. მიმდინარე წლის მაისში ADB-მ 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა, დაავადების გავრცელების, ბიზნესზე მისი უარყოფითი გავლენის შერბილებისა და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებად. ოქტომბრის თვეში ბანკმა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა ქვეყნის საჯარო ფინანსურ მართვასა და სოციალური დაცვის სისტემებში არსებული გამოწვევების დასაძლევად. 

ADB-მ მიმდინარე წლის აგვისტოში, რეგიონული ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ასევე PCR-ტესტის აპარატის შესაძენადაც გამოუყო გრანტი. ახალი მოწყობილობა გაზრდის საქართველოს ტესტირების შესაძლებლობას და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ვირუსის უკეთ გამოვლენასა და გავრცელების შეკავებაში დაეხმარება.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system