თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის ქართულ მონაკვეთზე თოვლდამცავი ღობე-ფარები მოეწყობა

ბაქო-თბილისი-ყარსის ქართულ მონაკვეთზე თოვლდამცავი ღობე-ფარები მოეწყობა
ბაქო-თბილისი-ყარსის ქართულ მონაკვეთზე თოვლდამცავი ღობე-ფარები მოეწყობა

ბაქო თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის (BTK) საქართველოს მონაკვეთზე გათვალისწინებულია 32 243 მეტრი სიგრძის თოვლდამცავი ღობე-ფარების მოწყობა. კონსტრუქცია მზადდება ლითონის დგარებისგან, რომელთა სიმაღლეც 5-დან და 6 მეტრამდეა. დგარებს შორის სივრცის შევსება ხდება წინასწარ დაძაბული რკინა-ბეტონის ყინვამედეგი და წყალშეუღწევადი დაფებით.

ამის შესახებ BTK-ის ქართული მხარის მენეჯმენტი იუწყება.

მათი განმარტებით, ზამთრის პერიოდში ამ მონაკვეთზე  მთავარ სირთულეს ნამქერი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მატარებლების შეუფერხებელი მოძრაობისათვის, გარდა გალერეებისა, საჭირო გახდა დამატებით თოვლდამცავი ღობე-ფარების მოწყობა, რომლებიც დაიცავს სარკინიგზო ხაზს ნამქერისგან. 

"ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართული მონაკვეთი ალპურ ზონაზე გაივლის, რკინიგზის უმაღლესი წერტილი მდებარეობს თაფარავანი-ფოკანის მონაკვეთზე - ზღვის დონიდან 2183 მეტრზე. პროექტის განხორციელებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებას," - BTK-ის ქართული მხარის წარმომადგენლები. 

მათივე ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე აშენდა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ორი ტიპის გზაგამტარებს: რკინა-ბეტონის და ლითონის გოფრირებული კონსტრუქციის. ამ სარკინიგზო მაგისტრალის ქართული მონაკვეთი სულ მოიცავს 36 გზაგამტარს. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 8 გზაგამტარს. აშენდა 18 ახალი გზაგამტარი.

სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე 5 ახალი ხიდი აშენდა, 17-ს კი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

აქტიურად მიმდინარეობს ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის კეთილმოწყობა. სადგურში 1520 მმ-იანი ლიანდაგის სტანდარტიდან ევროპული სტანდარტის 1435 მმ-იან ლიანდაგზე სატვირთო ვაგონების გადაყვანისათვის სპეციალური აღჭურვილობა დამონტაჟდა. სატვირთო ვაგონების გადასაადგილებელი პუნქტი 11340 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

ცნობისთვის, ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორია 102 ჰექტარს მოიცავს, სადაც სხვა ობიექტებთან ერთად განთავსებულია შენობები სადგურის პერსონალისთვის.

სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე, ალპურ ზონაში, სამუშაოები მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ამ მონაკვეთზე მსხვილტონაჟიანი გადასატვირთი პუნქტი მოეწყო. აქვე ეწყობა თოვლდამცავი გალეერები.

აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთბრუნვა გაზარდა.

აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, თურქმენეთში წარმოებული პროპილენის მორიგი პარტია მიეწოდა თურქეთს ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით.

ყარსის ლოგისტიკურმა ცენტრმა პირველი მატარებელი უკვე მიიღო და კომერციულ ოპერირებას წლის ბოლოდან დაიწყებს.

საქართველოს მთავრობის 2019-2020 წლის პროგრამის მიხედვით კი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრული დატვირთვით ასამოქმედებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს სამინისტროების 2021-2024 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო მიწის ნაკვეთების შეძენა და მეპატრონეებისთვის კომპენსაციების გადახდა.

ამ სარკინიგზო მაგისტრალზე ტვირთის გადაზიდვის დრო სულ უფრო მცირდება. მაგისტრალის მიმართ ტვირთმფლობელთა ინტერესი სულ უფრო იზრდება. ივნისში ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ახალი ტვირთების გადაზიდვა დაიწყო.

პანდემიის პირობებში, ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანსპორტო კორიდორის გამოყენებით თურქეთმა სავაჭრო პარტნიორებთან ტვირთბრუნვის შენარჩუნება შეძლო. სარკინიგზო მაგისტრალი თურქეთისათვის საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ გზად იქცა, თუმცა საქართველოში სპეციალისტები ამ სარკინიგზო მაგისტრალის კონკურენტად მოიაზრებენ  ნახიჩევანის რკინიგზას, რომლის მშენებლობა თურქეთმა ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებისთანავე დააანონსა. ლოგისტიკისა და რკინიგზის ექსპერტების აზრით, BTK-ის რკინიგზის კონკურენტულობა ეჭვგარეშეა, თუ საქართველო რეგიონის სარკინიგზო ლოგისტიკაში გააზრებულად და უმაღლეს დონეზე ითამაშებს. მათი მტკიცებით საქართველოს აქვს ყველა რესურსი შეინარჩუნოს ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური და სატრანზიტო მოთამაშის როლი რეგიონში.

BTK-ის პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობას გაეცანით ვიდეოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system