თავში

ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა კვლავ სატესტო რეჟიმში მუშაობს

ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა კვლავ სატესტო რეჟიმში მუშაობს
ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა კვლავ სატესტო რეჟიმში მუშაობს

ბაქო - თბილისი - ყარსის (BTK) რკინიგზა უფრო მომგებიანია ასეთი ტვირთების გადასაზიდად, ვიდრე ტრადიციული საზღვაო გადაზიდვები, - ასე ფიქრობს პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი, ექსპერტი სარკინიგზო საკითხებში დავით გოჩავა, რომელიც report.ge-სთან საუბრობს ამ სარკინიგზო მაგისტრალის პოტენციალსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე და ამავდროულად მთავრობას ინერტულობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ BTK ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მ უშაობს და კომერციული გადაზიდვეისთვის გახსნილი არაა, მის რეალურ სარგებლიანობას ამცირებს და ქვეყანა კარგავს შემოსავალს. 

"არ ვიცი, რა სარგებელი მოაქვს ამ გადაზიდვებს ჩვენთვის, რადგან, მოგეხსენებათ, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა კვლავ სატესტო რეჟიმში მუშაობს - ის არაა კომერციული გადაზიდვების წარმოებისათვის გახსნილი და არც ის ვიცით, სანამდე შეიძლება ამ რეჟიმში სარკინიგზო ხაზის ექსპლუატაცია. ფაქტია, რომ სარგებელს, თანაც მნიშვნელოვანს, რუსეთი და თურქეთი ღებულობენ. ამ რკინიგზაზე ჭიანურდება საერთაშორისო სარკინიგზო კომპანიის შექმნა, რაც შეთანხმებითაა გათვალისწინებული. არც საქართველოს რკინიგზა, არც შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზა არ ავრცელებენ აღნიშნულ ხაზზე გადაზიდვების და, ზოგადად, არსებული ვითარების შესახებ ცნობებს," - ამბობს გოჩავა report.ge-სთან და დასძენს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფანი ყველაზე მოკლე და იაფი მარშრუტია, რაც ტვირთმფლობელებს აზოგვინებს დროს და ხარჯს. "აქამდე გემთმფლობელებს უწევდათ ლოდინი გემის დატვირთვისათვის ნოვოროსიისკის პორტში, რათა ტვირთო თურქეთში გადაზიდულიყო, პორტში კი ტარდებოდა ტვირთების გადაცლის ოპერაციები. ეს დაკავშირებული იყო დამატებით ხარჯებთან. გარდა ამისა, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზით გადაზიდვები მიწოდების დროს ორჯერ ამცირებს. ტვირთმფლობელები გეგმავენ ასეთი ტვირთების რეგულარულად გადაზიდვას თურქეთში ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის გავლით," - უხსნის ექსპერტი report.ge-ს. 

ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზით ცოტა ხნის წინ გადაიზიდა ხორბალი და ქატო რუსეთიდან თურქეთში. 13 დახურულ ვაგონში ჩატვირთული 780 ტონა ხორბალი გაიგზავნა რუსეთის „დასავლეთ-ციმბირის რკინიგზის“ სადგურიდან „ტატარსკაია“, ხოლო 8 ხორბალმზიდში ჩატვირთული 480 ტონა ქატო - „სამხრეთ-ურალის რკინიგზის“ სადგურიდან „შადრინსკი“. მატარებელმა გაიარა „აზერბაიჯანის რკინიგზის’ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „იალამა“, რომელიც 3 კმ-ითაა დაშორებული რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან და უზრუნველყოფს რუსეთის „ჩრდილო-კავკასიის რკინიგზასთან“ შეპირაპირებას. შემდეგ შემადგენლობა ჩამოვიდა „აზერბაიჯანის რკინიგზის“ სადგურში „ბეიუქ-ქიასიქი“, საქართველოსთან საზღვარზე, იქიდან კი - „საქართველოს რკინიგზის“ სადგურში „ახალქალაქი“. წყვილთვლების გამოცვლის შემდეგ ხორბალი და ქატო თურქეთში, ყარსში გადმოვიდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნით ტვირთი თურქეთში უზბეკეთიდანაც ჩადის.

BTK სწრაფ და უსაფრთხო საერთაშორისო კორიდორად მიიჩნევა, თურქეთ-რუსეთის ტვირთბრუნვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე გადმომისამართდება.  თურქეთიდან რუსეთში პირველი საკონტეინერო მატარებლის გაგზავნა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელმაც მარშრუტი 9 თებერვალს დაასრულა, მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა სარკინიგზო ვაჭრობის გაფართოებისთვის.

2020 წლის ბოლოს თურქეთმა ჩინეთშიც ექსპორტი რკინიგზით დაიწყო. აქამდე ქვეყანა ამისთვის საზღვაო გზას ირჩევდა. თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რკინიგზით ექსპორტის შედეგით კმაყოფილია.

2020 წლის დეკემბერში თურქეთმა ჩინეთში სარკინიგზო მაგისტრალით BSH-მაცივრებით დატვირთული რამდენიმე საექსპორტო მატარებელი გაგზავნა.

სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივიდა.

მატარებელმა გადალახა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, გაიარა 5 ქვეყანა. ჯამში მას 8 ათას 693 კილომეტრის გავლა მოუწია.

თურქეთიდან მატარებელი საქართველოში შემოდის და აქედან აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემაში გადადის. თურქულ-ჩინურმა საექსპორტო მატარებელს საქართველოში, დაახლოებით, 21-საათიანი დაყოვნება უწევს.

ცნობისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა გაიარა.

საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზით ექსპორტი აზერბაიჯანმაც დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system