თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა პირველად გაიარა

​ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა პირველად გაიარა

ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად ხორციელდება - 8 დეკემბერს, გვიან საღამოს, საქართველოში შემოვიდა მატარებელი, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა.  ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროდან გვაცნობეს. 

უწყების განმარტებით, აღნიშნული მოვლენა უპრეცედენტოა, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.

"მატარებელი, რომელიც ჩინეთის სიანის პროვინციაში უნდა ჩავიდეს შუა სარკინიგზო დერეფნის გავლით (რომლის შემადგენელია ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო გადასასვლელი) 8,693 კილომეტრს 12 დღეში დაფარავს. საქართველოზე გამავალი ბაქო - თბილისი - ყარსი არის ახალი სარკინიგზო მარშრუტი იმ დერეფნის ლოგისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. ეს სარკინიგზო ხაზი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს. საქართველოზე გამავალი დერეფანი გამოირჩევა არამხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით გამოწვეული უპირატესობით, არამედ განვითარებული ინფრასტრუქტურითა და ინსტიტუციური სისტემით. ამასთან, დერეფნის განვითარება არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობა - მას თან უნდა ახლდეს გამარტივებული და გაციფროვნებული საბაჟო და საზღვრის კვეთის პროცედურები, რაც ჩვენს უპირობო უპირატესობას წარმოადგენს. ამას ემატება საქართველოში მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები, რომელიც გამოიხატება საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო კავშირების არსებობით მეზობელ ქვეყნებთან. ამასთან, დაწყებულია მუშაობა ქვეყნის შიგნით არსებული სატრანსპორტო სისტემების (მათ შორის, პორტების) და ამავდროულად სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნების საკითხებზე. ზემოხსენებული პროექტები და აქტივობები მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით," - განმარტავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. 

შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU). მათ შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში BTK-თი გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU).

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც აიაფებს ტვირთს და საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში. ნათია თურნავას თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი უკვე იქნა გადაზიდული.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველა დეტალი, თუ როგორ მუშაობს, რა ეკონომიკური ეფექტი აქვს საქართველოსთვის, პარტნიორი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, იკითხეთ, report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system